მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე

ვილნიუსი, ლიტვა

29 ნოემბერი

 

მოგესალმებით ყველას,

ქალბატონებო და ბატონებო!

ამ მშვენიერ ქალაქში დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გადავდგათ შეუქცევადი ნაბიჯი ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ორი თავისუფალი და მშვიდობიანი ეროვნული არჩევნების გზით ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებით, საქართველომ შეძლო დემოკრატიული გარდაქმნის კონსოლიდაცია.

ჩვენ დავტოვეთ პოსტსაბჭოთა პარადიგმა და ახლა ეტაპობრივად ვიკავებთ ჩვენს კანონიერ ადგილს ევროპული ერების საზოგადოებაში.

ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირმა გააღრმავა საქართველოს მხარდაჭერა და თანამშრომლობა, რაც უაღრესად დასაფასებელია.

ამ ისტორიულ დღეს, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ასოცირებული წევრობის  ხელშეკრულების  პარაფირებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

ასოცირების ხელშეკრულება არის მთავარი სამოქმედო გეგმა საქართველოს  თანამედროვე და ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირებისთვის.

ევროკავშირთან ასოცირება საქართველოსთვის არის არჩევანი, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებზე.

ასოცირება არის გასაღები შერიგების მშვიდობიანი გზისთვის ჩვენს იმ თანამემამულეებთან, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ; ასევე ჩვენი ქვეყნის ხელახლა გაერთიანებისათვის, რადგან სწორედ მიმზიდველობაა ის, რაც დააბრუნებს ამ რეგიონებს ქართულ სახელმწიფოში. 

უკნასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროპული გზა არის გამოწვევა ჩვენი რეგიონის ქვეყნებისათვის. ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება არის გადამწყვეტი, რათა 2014 წელს ხელი მოეწეროს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

თავისი პარტნიორების მხარდასაჭერად, ევროკავშირი ირჩევს მიდგომას -  „მეტი - მეტისთვის“.

შესაბამისად, საქართველო პირობას დებს, რომ სწრაფად განავითარებს რეფორმების პროცესს, რათა დროულად მოახდინოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კონსოლიდაცია.

[ჩვენი თავდაუზოგავი ძალისხმევის მხარდასაჭერად, გთავაზობთ დონორთა კონფერენციის მოწვევას 2014 წელს ბრიუსელში, რომელშიც სხვა დელეგატებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ეროვნული განვითარების ბანკის სხვადასხვა ორგანიზაციები, რათა მხარი დაუჭირონ  საქართველოს მუშაობას, პოლიტიკური ასოცირებისა და  თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად, აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.

ესკონფერენცია ხაზს გაუსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების მიმართ.]

უნდა აღვნიშნო, რომ ასევე მივესალმებით ევროკავშირის დიალოგს რუსეთთან და ამით, განმარტავს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, არამედ პრობლემათა იმგვარი გადაწყვეტაა, სადაც წაგებული არ არსებობს. ის ზრდის ეკონომიკურ კეთილდღეობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, რაც ასევე სარგებელს მოუტანს რუსეთს.

ჩვენ მოველით, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, რათა:

•           შემცირდეს ის საფრთხე, რომელიც რუსი სამხედროების ბოლო დროინდელი მოქმედებებით შეიქმნა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;

•           მოხდეს კოორდინირებული რეაგირება ნებისმიერ აშკარა  ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უარი ვთქვათ ჩვენს მიზანზე - 2014 წელს მოხდეს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.  

დასასრულ, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ ვილნიუსის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა და გისურვოთ წარმატება სამიტის შემდგომი მიზნების განხორციელებაში.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

Add to Twitter Add to Facebook