მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ტალინში

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ტალინში

ბატონო პრეზიდენტო, მინისტრებო, ძვირფასო სტუმრებო, კოლეგებო

ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

დიდი პატივია მივმართო ამ აუდიტორიას, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს იმისათვის, რომ ხელახლა განმარტოს ყველაზე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი საკითხები ახალ კონტექსტში, ჩვენი საუკუნის, რეალობის კონტექსტში.

ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რაზეც ვისაუბრებ, წინა ორი პრეზენტაციისა და, პირველ რიგში, იმის გამოძახილია, რის შესახებაც აქ  საგარეო საქმეთა მინისტრი არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობდა, რომელიც, ვფიქრობ, დიდად განსაზღვრავს და დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ, როგორ ვმსჯელობთ და როგორ ვკონცენტრირდებით ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე.

ეს ასევე გამოძახილია პრეზიდენტის პრეზენტაციისა, რომელმაც თავისუფლების საკითხებზე ისაუბრა ტომას ჰობზისა და ჯონ ლოკის თეორიების კონტექსტში და ჩემი აზრით, იმ ძირითად საკითხებზე, რომლებზეც შეკითხვებს სვამდნენ ფილოსოფოსები - რა არის პირადი სივრცე, რა არის პირად სივრცეთა ურთიერთკავშირი და როგორ განისაზღვრება ერთის პირადი თავისუფლება სხვის თავისუფლებასთან მიმართებით.

მინდა საუბარი დავიწყო სწორედ იმის განმარტებით, თუ რა არის ეს სივრცეები. მეტად უარყოფითი მაგალითით დავიწყებ.

მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა დიდი თავდასხმა ხუთ-ნახევარი წლის წინათ, ეს იყო თავდასხმა სწორედ ამ პიროვნულ სივრცეზე, პიროვნულ ინტერესზე, ეროვნულ ინტერესზე კონკრეტულად ინტერნეტის სფეროში.

ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას რუსთთან ომის დროს საფრთხე შეექმნა. ეს იყო რეალური, ფიზიკური ომი, მაგრამ ამავე დროს, მას წინ უძღოდა ომი ციფრულ სფეროში. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ნაკლებად დაცული ვიყავით და ნაკლებად გვქონდა წარმოდგენა თუ რა საფრთხეების წინაშე ვიდექით, რადგან ეს იყო ჩვენი არსებობის, ჩვენი იდენტურობის სივრცე, რაც ჩვენთვის უზომოდ მნიშვნელოვანია. მაშინ ჩვენ დავინახეთ, რომ ვიყავით დაუცველი და ეს სფერო იყო კიდევ ერთი აგრესიის ობიექტი.

მას შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტად დაცული გავხდით, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად დავიწყეთ ფიქრი იმაზე თუ რა არის ეს სივრცეები, სადაც უნდა განისაზღვროს ერთეულები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის თავისუფლებაზე, რომელიც განისაზღვრება ადამიანისა და ინდივიდის ინტერესების თავისუფლებით, მაგრამ აქვე არის ქვეყნების, კომპანიებისა და სხვა საჯარო ინტერესები და უკვე ძალიან რთულდება ამ ყველაფრის განმარტება, განსაკუთრებით ვირტუალურ სივრცეში - სად იწყება და სად მთავრდება ეს იდენტობა, სად ხდება სხვადასხვა იდენტობისა და ინტერესთა შეჯახება და კონფლიქტები, სად არის ის ზღვარი, სადაც ერთის თავისუფლება არღვევს მეორეს თავისუფლებას. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვახსენე 2008 წლის სამწუხარო გამოცდილება.

ჩვენ სხვა სირთულეებიც გადაგვხდა.

მე გესაუბრეთ 2008 წლის კონფლიქტზე, როდესაც მოხდა ჩემი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი რეგიონიდან დევნილად იქცა. ახლა, როდესაც გუგლის საძიებო სისტემაში აფხაზეთს, ერთ-ერთ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონს, დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალში ვპოულობთ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, სწორედ ის პრობლემაა, რაზეც მე ვილაპარაკე - ჩვენი სივრცის განსაზღვრა - სად არის ჩვენი თავისუფლება, სადაც ერთის გამოხატვის თავისუფლება არღვევს იმას, რასაც ჩვენ იდენტობას ვუწოდებთ.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი აზრი, ექსპერტების აზრი, იმ ადამიანების აზრი, ვინც განსწავლულია ფილოსოფიაში, კანონმდებლობაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ინტერნეტისა და კომუნიკაციების თავისებურებებში - როგორ უნდა გადავჭრათ ეს საკითხები, როგორ უნდა მოხდეს თანაარსებობა უკეთეს მსოფლიოში მეტი კომუნიკაციის, მეტი გახსნილობის, საზღვრების მეტი რღვევის გზით და არა ისეთი სფეროების შექმნით, სადაც ჩვენ ერთმანეთს ზიანს მივაყენებთ.

საქართველო 2011 წელს შეუერთდა Freedom Online Coalition-ს (თავისუფლების ინტერნეტ-კოალიციას), და ჩვენ დიდი ინტერესით ვართ ჩაბმულები ამ პროცესში და მოწოდებული ვართ, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც თქვენ შეიმუშავებთ, მოწოდებული ვართ განვვითარდეთ თქვენთან ერთად და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ უფრო ფართო, უსაფრთხო და ეფექტიანი გამოხატვის საშუალება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პირადი და საჯარო ურთიერთობა ჩვენი თავისუფლების ნაწილია, ადამიანის უფლებების ნაწილია და რომ 21-ე საუკუნეში ამ ურთიერთობას სხვა ფორმატი უნდა მიეცეს, და რადგან ასეთი ფორმატები უკვე მოიძებნა, მათ შორის ციფრული ფორმატები, თქვენ უნდა დაიცვათ ეს კავშირები, თავისუფლების ეს ახალი ფორმა და ჩვენ ღია ვართ ამ დისკუსიებისათვის, რათა მოიძებნოს გზები, თუ როგორ გაღრმავდეს ინდივიდუალური თავისუფლება და როგორ მივცეთ მათ უკეთესი, უფრო ეფექტიანი გარემო ციფრულ სამყაროში, ინტერნეტსივრცეში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა გახდეს ელექტრონული მმართველობა არა მხოლოდ უფრო ეფექტიანი და შედეგიანი, არამედ ასევე ისიც, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ ჩვენი მოქალაქეები ამ ფორმატის ურთიერთობაში და მივცეთ მათ საშუალება ჰქონდეთ მეტი გავლენა, თუმცა, ამავე დროს, ჰქონდეთ მეტი პასუხისმგებლობაც.

ეს ის საკითხებია, რაზეც თქვენ იმსჯელებთ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ, რომ პასუხები მყისიერად მოიძებნება, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს ამ დღეებში არ მოხდება, მაგრამ ამავე დროს, მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული გზები გამოჩნდება და დაისახება მიდგომები, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები, რომ ადამიანს დაბადებიდან აქვს გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლად გამოხატვის უფლება, რომ საზოგადოებები იქმნება თავისუფლების გამოხატვის გზით და ხელისუფლებებმა კი არ უნდა შეზღუდონ ეს უფლება, არამედ უნდა შექმნან უფრო მეტად დაცული ფორმატები.

ყურადღებით დავაკვირდებით და ჩაბმული ვიქნებით თქვენს დისკუსიებში და უფრო მეტიც, ჩვენ სიამოვნებით შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც თქვენ მიიღებთ მეტი უსაფრთხოების, მეტი განვითარებისათვის და უფრო მეტად ეფექტიანი ინტერნეტ- და ონლაინკომუნიკაციების უზრუნველყოფისათვის.

კიდევ ერთხელ, ყველას მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ვარ და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. მოუთმენლად ველოდები თქვენს დასკვნებს.

გმადლობთ.

Add to Twitter Add to Facebook