მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა და საბაკალავრო სკოლის იუნკერებს მიმართა. ლექციის თემა „საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური გამოწვევები“ იყო. გიორგი აბაშიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს როლს და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უპირატესობები განიხილა. პრეზიდენტის მრჩეველმა იმ სარგებელზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად მიიღებს. როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის როგორც უცხოელ ბიზნესმენთა დაინტერესებას, ისე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობას. საუბარი შეეხო ეკონიმიკის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც.

თავდაცვის აკადემიის კურსანტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. იუნკერები საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებით დაინტერესდნენ, კერძოდ, რამდენად არიან მზად ქართველი მეწარმეები პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გასატანად. პრეზიდენტის მრჩეველს შეკითხვები დაუსვეს ევროპაში ქართული პროდუქციის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებითაც.  

Add to Twitter Add to Facebook