მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში დასრულდა

საქართველოს პრეზიდნეტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში დღეს დასრულდა. ხუთი დღის განმავლობაში ქვეყნის მეთაურმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა. გიორგი მარგველაშვილი შეხვდა იაპონიის იმპერატორს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და შინზო აბემ ხელი მოაწერეს საქართველოსა და იაპონიას შორის  ორმხრივი პარტნიორობის  23-პუნქტიან მემორანდუმს, რომლის ორი პუნქტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, არაღიარების პოლიტიკასა  და იაპონიის მხარდაჭერას შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამას გარდა,  ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე შეხვედრა გაიმართა უმსხვილესი იაპონური ბიზნესკორპორაციების წარმომადგენლებთან და იაპონური მედიის შეკითხვებსაც უპასუხა.

„ეს არის ახალი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ქართულ-იაპონურ ურთიერთობაში. იაპონიასთან, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა გვქონდა - ის მხარს უჭერდა საქართველოს ბევრი მიმართულებით - ჩვენი ქვეყნის განვითარებისა თუ საერთაშორისო თვალსაზრისით. ამ ვიზიტის დროს გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ჩვენ უაღრესად ვემადლიერებით იაპონელ ხალხს, ძალიან თბილი მიღებისთვის. მადლობას ვუხდი იაპონიის მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრ აბეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი მართლაც ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა და მხარი დაგვიჭირა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის დასასრულს.

რაც შეეხება თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს, საქართველოს პრეზიდენტმა  განაცახდა, რომ: „ამ დოკუმენტში  პრობლემების გარდა აისახა მომავალი განვითარების პერსპექტივებიც“. მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედება ქართულ-იაპონურ ურთერთობის წინსვლას.

ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ხელმძღვანელობდა, ვიზიტის ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხების განხილვის პარალელურად, იაპონურ მხარესთან  მიაღწია შეთანხმებას თანამშრომლობა გააღრმავოს განათლების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. 

Add to Twitter Add to Facebook