მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში

საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში

მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. მინდა მთელი დელეგაციის სახელით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიაში ვიზიტით ყოფნა.

ჩვენი დელეგაციის თითოეული წევრი აღფრთოვანებულია თქვენი დიდებული ქვეყნით და მერწმუნეთ, ეს ემოცია ეკუთვნის იმ ადამიანთა უმრავლესობას, რომელსაც მე წარმოვადგენ. ეს ქართველების ემოციური ბუნებაა. ჩვენ გვიყვარს, პატივს ვცემთ და ვეთაყვანებით თქვენს კულტურას, ხელოვნებას, თქვენს ხალხს. 

ამიტომაც ჩვენთვის დიდი პატივია ვესტუმროთ ასევე კიოტოს, დავესწროთ ფესტივალს, შევხვდეთ იმპერატორს და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს, რადგან გვსურს, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ურთიერთობა თქვენს დიდებულ ქვეყანასთან. 

მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელიც იაპონიიდან ძალიან შორს მდებარეობს, მაგრამ დღევანდელი შეხვედრებისას, ისევე როგორც მომავალზე საუბრისას, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი რამ  გვაქვს საერთო.

უპირველესად, სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების შესახებ ვისაუბრებ. საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რომელმაც მოახდინა დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაცია, ჩამოაყალიბა გამჭვირვალე და თავისუფალი საარჩევნო სისტემა, შეცვალა მთავრობა არჩევნების გზით და გააერთიანა საზოგადოება დემოკრატიული ფასეულობების ირგვლივ.

ამიტომ ვეძებთ მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებებში მეგობრებს და უაღრესად ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას სტაბილურ, დემოკრატიულ ხალხებთან, როგორიც არის იაპონია; ქვეყანა, რომელიც იზიარებს ჩვენს ფასეულობებს, ისეთს, როგორიც არის ინდივიდების უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა და საზოგადოების სტაბილურობის დაცვა.

საქართველო გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ აქტიური საზოგადოებით შეძლო ჩამოეყალიბებინა დამოუკიდებელი დემოკრატია ურთულეს ვითარებაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როდესაც მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვთ და ამას კიდევ გავიმეორებ.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენს იაპონელ მეგობრებთან სიღრმისეულად განვიხილეთ ეკონომიკური შესაძლებლობები საქართველოში.

მანძილი ჩვენს შორის მართლაც ძალიან დიდია, მაგრამ გლობალიზებულ მსოფლიოში ერთმანეთისთვის საინტერესო ვხდებით ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

წარმოიდგინეთ რუკა. საქართველო მდებარეობს კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის და ის აზიური და ევროპული ბაზრების კარიბჭეა.    

ამ მხრივ, ჩვენ ვავითარებთ სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ და ენერგო-პროექტებს, რომლებიც უსაფრთხოს ხდის ბაზრებს დაწყებული ევროპით და დამთავრებული აზიით. და პირიქით. ჩვენ ამ მიზნის ერთგული ვართ.

დღეს აღვნიშნეთ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული, ლიბერალურ სავაჭრო ურთიერთობაზე ორიენტირებული ქვეყანა რეგიონში. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის თანახმად, დღეს მერვე ადგილზე ვართ მსოფლიოში და ასევე, Heritage Foundation-ის რეიტინგში - ლიდერებს შორის.

ასე რომ, ამ გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყანა არის ძალიან ღია პარნტიორობისა და აზიასა და ევროპას შორის არსებული კომუნიკაციის გაღრმავებისათვის.

ჩვენს იაპონელ პარტნიორებთან შეხვედრისას დღეს ითქვა, რომ მიმდინარე წელს მიღწეული შეთანხმებებით, რომლითაც ჩვენ გავხდით ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ასევე მანამდე არსებული სხვა ხელშეკრულებებით დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, საქართველო ინვესტორებისთვის ღია გახდა მილიარდიანი მომხმარებლის მქონე თავისუფალი ვაჭრობის ბაზართან წვდომით.

ჩვენ დაინტერესებული ვართ ერთმანეთის კულტურით. როგორც უკვე აღვნიშნე, ქართველებს უყვართ იაპონური კულტურა. მათ უყვართ იაპონია, როგორც ქვეყანა.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მაგალითად იმის თაობაზე, რომ გასულ წელს ქართული ქვევრის ღვინო და, ამავე დროს, იაპონური სამზარეულო გამოცხადდა UNESCO-ს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და ვფიქრობდით, თუ როგორ შეიძლებოდა ერთობლივად წარმოგვედგინა და აღგვენიშნა ეს მიღწევა ქართული და იაპონური საზოგადოების მიერ.

ამას გარდა, ქართველებს ძალიან უყვართ თქვენი პოეზია, ლიტერატურა და ხელოვნება. მე ვუყვებოდი კიდეც ელჩს, რომ ვიზრდებოდი “ფუჯის მთის ასი ხედის“ ილუსტრაციებზე -  ბავშვობაში ორი თუ სამი მქონდა...

ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა აღმოვაჩინოთ.

როგორც მსოფლიოს სხვა დემოკრატიები, ჩვენც ვიზიარებთ საერთაშორისო ურთიერთობებში აღიარებულ ფასეულობებს.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს იაპონელ კოლეგებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ საერთაშორისო საკითხებში და დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩვენს საერთაშორისო დღის წესრიგს გაეროში, მტკიცედ ინარჩუნებენ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მხარს უჭერენ დევნილთა დაბრუნებას საკუთარ მიწა-წყალზე.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საქართველომ მტკიცედ აირჩია პროდასავლური და დემოკრატიული განვითარების კურსი.

წელს დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და ნატო-სგან პარტნიორობის სპეციალური პაკეტის მიღების სახით.

საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი უმთავრესი საკითხია ჩვენი საერთო მეზობელი - რუსეთის ფედერაცია.

ამ წლის დამდეგს ჩვენ ვიხილეთ რუსეთის ძალიან აგრესიული პოლიტიკის მეორე ტალღა.  პირველი იყო 2008 წელს, როდესაც რუსეთმა დაიპყრო საქართველოს ტერიტორიები, მეორე ტალღა კი 2014 წლის დასაწყისში, უკრაინაში.

რუსეთი ახლაც აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოში და ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიის სრულ ანექსიას.

ამ ქმედებებს ჩვენ მკაცრად ვგმობთ. პარტნიორებს და მეგობრებს ვაფრთხილებდით მსოფლიოს მასშტაბით, რომ საქართველოში, უკრაინაში და ახლა ისევ საქართველოში ყოველთვის შეიქმნება კრიზისი, თუ არ ჩამოყალიბდება ძალიან მტკიცე პოზიცია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ.

რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ ისინი განიხილავენ ყოფილ საბჭოთა კავშირს და, მთელ რიგ შემთხვევებში, რუსეთის ყოფილ იმპერიას საკუთარი პრივილეგირებული ინტერესების ჭრილში, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ ამ ტერიტორიებზე პრობლემები შექმნან ნებისმიერ დროს, როცა მოესურვებათ. 

ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყანა, თავისი ბირთვული ძლაუფლებით, აცხადებს, რომ მის ყველა მეზობელს უნდა ჰქონდეს არასტაბილურობის განცდა. ამის შედეგად, ევრაზიის ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილი მუდმივი საფრთხის წინაშეა.   

ეს ნიშნავს დაძაბულობას დედამიწის უდიდეს ნაწილზე, რომელსაც კარგი განზრახვა, სამწუხაროდ, არ აქვს.

ჩვენ ვცდილობთ მივიტანოთ რუს პოლიტიკოსებამდე გზავნილი, რომ მათ საზღვართან სტაბილური მეზობლები ნიშნავს პოზიტიურ მომავალს არა მხოლოდ ამ მეზობლებისთვის, არამედ თავად რუსეთის ფედერაციისთვისაც.

ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ გზავნილი ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომ მხოლოდ დროდადრო რეაგირება უკრაინის, საქართველოს, შემდეგ ისევ უკრაინის საკითხებზე, არ იქნება შედეგიანი.

შედეგის მომტანი იქნება მხოლოდ გლობალური რეაქცია პრივილეგირებული გავლენის სფეროების პოლიტიკის წინააღმდეგ.

თუ არ დავასტაბილურებთ ვითარებას რეგიონში, თუ ვერ გავიგებთ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული მეზობლები სასარგებლოა ქვეყნისთვის, თუ არ გადავჭრით აღნიშნულ პრობლემებს, ხელს შევუწყობთ არასტაბილურობას ასობით მილიონი იმ ადამიანის სიცოცხლისთვის, ვინც სამყაროს ამ ნაწილში ცხოვრობს.

ჩვენ, როგორც ქართველებს, უფლება გვაქვს ვისაუბროთ ამ თემაზე, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კონტრიბუტორი გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, იქნება ეს ცენტრალური აფრიკის, ავღანეთის თუ სხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ფარგლებში, სადაც ქართველი სამხედროები იღებენ პასუხისმგებლობას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

ასე რომ, ამ საკითხებს განვიხილავ და ამ თემაზე ვისაუბრებ ჩემს კოლეგებთან აქაც,  იაპონიაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ბიძგი მივცეთ გადაწყვეტილების მიღებას, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას არა მოლოდ ჩემი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისათვის, არამედ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაც.

გმადლობთ. 

Add to Twitter Add to Facebook