მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ პროექტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ განვაცხადოთ:

ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი.

ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს შავი ზღვის აუზში სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას და საფრთხეს უქმნის კავკასიის რეგიონს.

ხელშკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების თაობაზე ჟენევის კონსულტაციების სულისკვეთებას.

ეს ხელშეკრულება უშუალოდ ემუქრება საქართველოს უშიშროებას, თავდაცვისუნარიანობას და სტაბილურობას.

ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში გაუარესდება მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და, ზოგადად, ჰუმანიტარული ვითარება.

რეალური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზობის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილის, თვითდამკვიდრება და იდენტობის შენარჩუნება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, მივმართავ მას საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ საფრთხესთან დაკავშირებით და შეიმუშაოს პოზიცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების მხრივ.

ამ პოზიციას განვიხილავთ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს არსებული საფრთხეების მინიმუმამდე დასაყვანად.

მინდა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება განსაკუთრებულად მივაპყრო ამ საფრთხეებსა და გამოწვევებს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯთან დაკავშირებით, ველით მათგან სწრაფ და ადეკვატურ შეფასებასა და რეაქციას.

Add to Twitter Add to Facebook