მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა პარას მეგობართა კლუბის პრეზენტაციაზე

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა პარას მეგობართა კლუბის პრეზენტაციაზე

მოგესალმებით!

დღეს აქ ყოფნა ბევრი თვალსაზრისითაა სასიხარულო, საამაყო და იმედის მომცემი. უპირველესად, იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვზეიმობთ შეხვედრას, ერთად ყოფნას, გაერთიანებას იმის ირგვლივ, რასაც ჰქვია უნარი, ძალა - არ შეგეშინდეს, არ გატყდე, აჩვენო შენი თავი, მუდმივად გქონდეს ბრძოლის ჟინი...

ეს არის მაგალითი ჩემთვის, რომ მუდმივად მქონდეს იმედი, არასდროს არ შევდრკე, ისევე, როგორც ამას ახერხებს ბევრი ადამიანი. ახერხებს, რომ აი, ამ ძალით მისცეს ხვალინდელი დღის იმედი თუნდაც ჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც გიყურებენ თქვენ, როგორც მაგალითს.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ საქართველო ამ ნაწილშიც აჩვენებს მსოფლიოს, რა განსაკუთრებულები ვართ. იმაზე საუბრისას, თუ როგორ, რა გზით დასვავს თავის თავს მსოფლიო რუკაზე ამდენი გამოწვევის წინაშე მდგარი, ასეთი პატარა ქვეყანა, ბევრჯერ აღმინიშნავს ის განსაკუთრებული როლი, რაც ქართულმა სპორტმა შეიძლება ითამაშოს.   არის საოცარი ნიჭი ამ ქვეყანაში; საოცარი ნიჭი, რომელიც ასე ვლინდება - ვლინდება სპორტში, ვლინდება ასევე ხელოვნებაში, ვლინდება სამოქალაქო გმირობის მაგალითებში და მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილშიც ჩვენ ვახერხებთ და საქართველოს კიდევ უფრო იმედის მომცემი, ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული და ნათელი ფერებით ვსვამთ მსოფლიო რუკაზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

მიხარია, რომ ვერთიანდები ასეთ ჯგუფში. ჯგუფში ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს და ძალას აძლევენ სხვა ადამიანებს.

არაერთხელ მითქვამს, რომ როდესაც საუბარია რაიმე უნარის შეზღუდვაზე, იმავდროულად, იგულისხმება რაღაც ტიპის გაძლიერება, რაღაც უნარის კიდევ უფრო მეტად გამომჟღავნება. ეს არის რეალობა, ეს არის სამყაროს კანონი: თუ ხდება რამის შესუსტება, ბუნებრივად ხდება სხვა უნარის გაძლიერება.

ჩვენი სახელმწიფო და მთავრობა ნათლად აჩვენებს თავისი მოღვაწეობით პირველივე დღეებიდან - და მე მახსენდება, რომ ეს იყო პირველივე დღეები იმიტომ, რომ უკვე შარშან, დაახლოებით, ამ დროს, ჩვენ ძალიან ნათლად გავუსვით ხაზი, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ყველა მოქალაქისთვის. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დაკომპენსირდეს რაიმე შეზღუდვა. მაგალითად, არა მხოლოდ იმას, რომ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მოხდეს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ თითოეულ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, აღმოაჩინოს ის განსაკუთრებული უნარი, რაც მასშია და შევუქმნათ ამ უნარის განვითარების შესაძლებლობა. მოხარული ვარ, რომ ამ გზით მივდივართ ერთად; მივდივართ და ვიმოძრავებთ ერთად.

ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორ აქტიურად არიან ჩაბმული მთავრობის წევრები ამ მოძრაობაში. აქ ვხედავ მინისტრებს, რომელთა მუშაობის შესახებ ვიცი. მე ვხედავ, და ეს დღეს ნაჩვენებ კლიპშიც გამოჩნდა, რამდენად აქტიურები არიან სხვა სამინისტროებიც. მინდა გითხრათ, რომ მთავრობასთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც განაგრძობს ამ მიმართულებით მოძრაობას და მუშაობას. ცოტა ხანში, როდესაც ადმინისტრაციის სტრუქტურა ჩამოყალიბდება, ჩვენ გვეყოლება სპეციალური კოორდინატორი, რომელიც იმუშავებს თქვენთან ერთად, თქვენთან ერთად დაგეგმავს იმას, თუ როგორ უფრო ფართოდ, უფრო მასშტაბურად გაიშალოს ჩვენი ერთობლივი მოძრაობა იმისთვის, რომ ყველა ადამიანს მაქსიმალურად გაეხსნას საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობები.

საქართველო ყოველთვის იყო ნიჭის და უნარის გამოვლენის ადგილი. ზოგიერთ პერიოდში ეს იყო შეზღუდული. მაგრამ დღეს ჩვენ ვიწყებთ ისეთ ცხოვრებას, როდესაც კი არ უნდა შეიზღუდოს უნარები, არამედ პირიქით, მაქსიმალურად უნდა მიეცეთ მათ განვითარების შესაძლებლობა.

მინდა მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, მადლობა გადავუხადო კომპანია BP-ის, რომ ასე აქტიურად და სწორად არის ჩართული ჩვენს ერთობლივ მუშაობაში. მინდა გითხრათ, რომ ფრაზა, რომელიც თქვენ ბრძანეთ - რომ თქვენ გჭირდებათ მთავრობის თანადგომა, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება ასე: ჩვენ გვჭირდება ერთად მუშაობა და ერთად ყოფნა! თქვენ ძალიან გვჭირდებით ჩვენ,  რათა განვვითარდეთ, გვქონდეს ძალა, რომ არაფრის არ გვეშინოდეს, გვქონდეს გამარჯვების იმედი - როგორც თქვენ გაქვთ ყოველთვის. არა უბრალოდ თქვენ გჭირდებათ მთავრობის გვერდში დგომა, არამედ ჩვენ ერთობლივად გვჭირდება განვითარება ჩვენი ქვეყნისა.

მინდა იცოდეთ, რომ მე მჭირდებით ჩემი სიმტკიცისთვის, ჩემი სიძლიერისთვის. იცოდეთ, რომ მე დაგიბრუნებთ იმას, რასაც ვიღებ თქვენგან. ბუნებრივია, დაგიბრუნებთ ამ თანამშრომლობის სახით.

კიდევ ერთხელ, მომავალი თანამშრომლობის სურვილით, იმედით და მომავალ გეგმებზე ფიქრით გილოცავთ დღევანდელ ღონისძიებას!

Add to Twitter Add to Facebook