მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა წარმოთქმული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა წარმოთქმული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

მოგესალმებით თანამემამულენო,

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

 1918 წლის 26 მაისს ჩვენმა წინაპრებმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და მაშინ ქვეყნის მოწყობის ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა აირჩიეს.

მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს "დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის" და გავაკეთეთ კიდეც ასე.  

სამწუხაროდ, პირველი ქართული რესპუბლიკის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს, ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა.

1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა ყველამ ერთად და მსურს ეს ხაზგასმით აღვნიშნო.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქე მონაწილეობდა და დღეს, თბილისიდან მე მსურს მადლობა ვუთხრა მავრთულხლართების მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა თავისუფალი ნების საფუძველზე აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანი სახელმწიფო შევქმენით.

მინდა ვუთხრა მათ, რომ ის ემოცია, რომელიც 23 წლის წინ გვქონდა, არც ერთი წამით არ შენელდება და საქართველოს განვითარდება როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო. ამ ნებას - ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში ახალი ძალით შევასხამთ ხორცს და ამ მიმართულებით სვლას არც ერთი წამით არ შევაჩერებთ.

დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება და ის, რაც 23 წლის წინათ ერთად გავაკეთეთ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა.

ჩვენი ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია, დღეს ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობასა და მათი უფლებათა დაცვაზე, ისინი ჯერ კიდევ მავრთულხლართს მიღმა იმყოფებიან.

მაშინაც და ამ 23 წლის განმავლობაშიც, ჩვენ ნათლად გამოვაჩინეთ ჩვენი ურყევი ნება, რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს მთლიანი, სუვერენული, ძლიერი.

ჩვენ ეს ნება ასობით თავდადებული გმირის ბრძოლით განვამტკიცეთ და დღეს ჩვენ  დავაჯილდოვებთ ამ გმირებს.

ჩვენ დავაჯილდოვებთ მათ, ვინც დაეცა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში.

ჩვენ აგრეთვე დავაჯილდოვებთ იმ გმირებს, ვინც თავი გამოიჩინა ISAF-ის მისიაში, ვინც გამოიჩინა თავი, როგორც ქართველებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი ვართ და  პასუხისმგებლობით ვეპყრობით არა მარტო საკუთარი ქვეყნის სიძლიერეს, არამედ გლობალურ მშვიდობას.

დიახ, დამოუკიდებლობა ქვაკუთხედია, აუცილებელი და აბსოლუტური პირობა შემდგომი წინსვლისათვის. მაგრამ მიზანი არის კიდევ უფრო უზენაესი და ეს მიზანი არის თავისუფლება.

დამოუკიდებელი სახელმწიფოები არსებობენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი არ არის თავისუფალი. თავისუფლება კი დამოუკიდებლობის გარეშე არ არსებობს.

ქვეყნის თავისუფლება არის ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქის თავისუფლებათა ჯამი -  თავისუფალია ქვეყანა, რომლის მოქალაქენიც თავისუფალნი არიან.

ეს კი ნიშნავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა თავისუფლებებს.

ეს ნიშნავს გამოხატვის თავისუფლებას, ეს ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, ეს ნიშნავს მედიის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, ეს ნიშნავს რწმენის არჩევისა და მისი აღსრულების თავისუფლებას; ეს ნიშნავს შრომის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას, ეს ნიშნავს უფლებას არა თუ არ იყო დაჩაგრული რაიმე ნიშნით, არამედ იყო დაცული.

თავისუფლება ნიჭია, ღვთით ბოძებული ნიჭი, რომელიც ჩვენში ბუნებრივად არის ჩადებული. მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ ნიჭს, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, ამ ნიჭსაც სჭირდება დაცვა, აღზრდა, ჭკუით მოპყრობა და მოხმარება.

მთავარი ამ ნიჭში არის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის გარეშე თავისუფლება განუკითხაობად გადაიქცევა.

იყო თავისუფალი, ანუ იყო საკუთარი “თავის უფალი“, ნიშნავს განაგებდე საკუთარ ბედს, მონაწილეობდე საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში, იყო პასუხსმგებლიანი მოქალაქე შენი თავის, ოჯახის, ქალაქის, ქვეყნისა და, საბოლოოდ, კაცობრიობის წინაშე.

იყო თავისუფალი ნიშნავს იცავდე არა მარტო საკუთარ, არამედ პატივს სცემდე და იცავდე სხვათა უფლებებსა და თავისუფლებას.

იყო თავისუფალი ნიშნავს - იყო ის, ვინც ხარ და აკეთო ის, რაც დაისახე მიზნად, რაზეც აიღე პასუხისმგებლობა.

ამ მიზნის სამსახური, ამ მიზნისადმი ერთგულება ჩვენ კიდევ უფრო ძლიერს გვხდის, უფრო თავისუფალს ხდის თითოეულ ჩვენგანს და მთელ ქვეყანას აქცევს უფრო თავისუფლად.

ამიტომ, თავისუფალია ჯარისკაცი, რომელმაც ქვეყნის სამსახური დაისახა მიზნად და ამისათვის გმირობას ჩადის;

ამიტომ თავისუფალია მასწავლებელი, რომელმაც გადაწყვიტა ახალი თაობის აღზრდა და ამას დაუღალავად აკეთებს;

ამიტომ თავისუფალია ექიმი, რომლის ვალდებულებაცაა ავადმყოფის მორჩენა და იგი არ იშურებს ამისათვის დროსა და ენერგიას.

თავისუფალია პოლიტიკოსი, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება თავის ხალხს.

სწორედ პასუხისმგებლობიან ადამიანთა ერთობლივი შრომიტ მივაღწევთ ჩვენს უზენაეს მიზანს - თავისუფალ ქვეყანას.

და დღეს, ვზეიმობთ რა დამოუკიდებლობას, ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, წინაპართა ხსოვნისა და მომავალ თობათა წინაშე, რომ ვიყოთ უფრო თავისუფალნი და შევქმნათ უფრო თავისუფალი ქვეყანა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერებას, ქვეყნის წინსვლასა და თავისუფალი საქართველოს სამსახურს.

გმადლობთ.

Add to Twitter Add to Facebook