მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა წარმოთქმული ვაზიანის სამხედრო ბაზის მე-4 ბრიგადასთან

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა წარმოთქმული ვაზიანის სამხედრო ბაზის მე-4 ბრიგადასთან

მოგესალმებით ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო გენერალური შტაბის უფროსო, ბატონო გენერალო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და ძვირფასო სტუმრებო.

დიდი პატივია დღევანდელ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა. პატივია მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სტუმრობა; თქვენი ღვაწლი სამშობლოს და გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის საქმეში ფასდაუდებელია.

მეოთხე მექანიზირებული ბრიგადა სამართალმემკვიდრეა პირველი ოპერატიული პოლკისა, რომელიც, საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე შეიქმნა. ამ შენაერთს უდიდესი საბრძოლო გამოცდილება აქვს. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, თქვენ ერთგულად იდექით და დგეხართ სამშობლოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და ასევე  მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის, ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობით.

საქართველოს მოქალაქეთა სახელით, მადლობას გიხდით ქვეყნის უსაფრთხოებისა და ერთიანობის მსახურებისთვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ჩვენს ხალხს სძინავს მშვიდათ, იმიტომ, რომ თქვენ მწყობრში დგეხართ. თქვენი სიძლიერე, ცოდნა და გამოცდილება - ჩვენი უსაფრთხოების უმთავრესი გარანტიაა. თქვენი მხედრული მიღწევები, რომელთაც ავღნიშნავთ დღეს - ჩვენი ხალხისთვის საამაყოა. მადლობა, სამსახურისთვის.

თქვენთან ერთად მადლიერებას გამოვხატავ საქართველოს მეგობარი ქვეყნებისადმი. მათი მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების განვითარებაში ფასდაუდებელია.

ვაცხადებთ რა ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას ქვეყნის უცვლელ კურსად, ჩვენ მოვალენი ვართ მუდმივად ვიზრუნოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.

უდიდესი მხდართმთავარი სუნ ძი ამბობდა: ‘’ყველაზე უკეთესია დაამარცხო სხვისი არმია უბრძოლველად. ყველაზე უკეთესი ომი არის მოსპო მოწინააღმდეგის ჩანაფიქრი’’.

ჩვენ მიზანია მივაღწიოთ შეიარაღებული ძალების მომზადების ისეთ დონეს, რომელიც ბრძოლის სურვილს დაუკარგავს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს.

დიახ, მშვიდობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მაგრამ თუ სამშობლოს დასჭირდება, ყოველი ჩვენგანი მზად იქნება თავი გასწიროს მისთვის.

და მე ვიცი, რომ ასეთ დროს თქვენ კვლავაც პირველ რიგებში იდგებით და თავდადების მაგალითებს მისცემთ სხვებს. ამიტომ, ამ საზეიმო ღონისძიებაზე ტკივილით და ამავე დროს, სიამაყით უნდა გავიხსენოთ სამშობლოსათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული თქვენი თანამებრძოლები, ოფიცრები და ჯარისკაცები. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.

წარმატებებს გისურვებთ ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოებისათვის თქვენ საქმიანობაში.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

Add to Twitter Add to Facebook