მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაეროს მეორე კონფერენციაზე 

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაეროს მეორე კონფერენციაზე 

მოგესალმებით! ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო, ქვეყანა, რომელიც არ არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა, თუმცა მაინც მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ საკითხთან.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ავსტრიის მთავრობას ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და ხაზგასმით დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა გენერალურ მდივანს ბან კი მუნს  „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების“ ღონისძიების ორგანიზებისათვის.  ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გენერალური მდივნის ბან კი მუნის პოზიციას, რომ ათასწლეულის  განვითარების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სიღარიბის შემცირებაზე ზრუნვით და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების საკითხი.

საქართველო არ არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს შორის, მაგრამ ის თავისი პოლიტიკითა და პოლიტიკის განვითარებით მჭიდროდ არის დაკავშირებული ასეთ ქვეყნებთან. რეალურად, ევრაზიის კონტინენტის 14-დან 8 ქვეყანა - ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი, დაკავშირებულია საქართველოსთან და სწორედ საქართველოს გავლით აქვთ მათ წვდომა ზღვაზე.

ჩვენი პოლიტიკის განსაზღვრისას იმთავითვე ვამახვილებდით ყურადღებას ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების ფაქტორზე, ეს იყო საქართველოს სტრატეგიული მიმართულება დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან - დაგვეკავშირებინა ცენტრალური აზიის რესურსები ევროპის ბაზართან და პირიქით. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა იყო ჩვენს დღის წესრიგში სხვადასხვა დონესა და კონტექსტში.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რათა უზრუნველვყოთ და უსაფრთხო გავხადოთ ტრანზიტი ჩვენს ტერიტორიაზე -  ვავითარებთ გზებს, მაგისტრალებს. ამჟამად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან სარკინიგზო სისტემაზე, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს. საქართველოს სატრანზიტო გზის გამოყენება ცენტრალური აზიის ქვეყნებს უზარმაზარ შესაძლებლობებს გაუხსნის. ვმუშაობთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზუსტად ამ თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ უცხოელ პარტნიორებს პირად თუ საჯარო პარტნიორობის ფორმატში ჩაებან ამ პროცესში. ჩვენი ქვეყანა ღიაა ტრანზიტისათვის და ყველა ჩვენს ევროპელ თუ აზიელ მეზობელს აქვს სრული წვდომა ტრანზიტზე.

ენერგორესურსებით უზრუნველყოფის მხრივ, ჩვენ კარი გავუღეთ მნიშვნელოვან ენერგოსატრანსპორტო პროექტებს, გაზის, ნავთობის მიმართულებით, ვავითარებთ ამ პროექტებს, რომელთა ძირითადი მიზანი კასპიის რესურსების - გაზისა და ნავთობის - ევროპასთან დაკავშირებაა.

ამჟამად ვმუშაობთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ პროექტზე, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირს ევროპასთან. ეს არის პროექტი, რომელიც იძლევა ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთან დაკავშირებული ყველა ქვეყნისათვის. ძალიან აქტიურად ვცდილობთ განვავრცოთ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო ფორმატი და თავისუფალი სავაჭრო გარემო ამ რეგიონში.

ჩვენ იმ რვა მეზობელს შორის ვართ მოქცეული, ვისაც ზღვასთან წვდომა არ აქვს; ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ფორმატი შვიდ მათგანთან და ვავითარებთ ერთობლივ ინფრასტრუქტურას და ერთობლივ მიდგომას ამ ტერიტორიებზე სატრანსპორტო პოლიტიკის ხელშეწყობისათვის. ასევე ვახორციელებთ ენერგორესურსების, ელექტროენერგიის ტრანსპორტირებასა და ექსპორტს და ვცდილობთ, რომ ეს რესურსის განვითარება იდგეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების დღის წესრიგშიც.

ამავე დროს აქტიურად მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთობლივი მიდგომის ჩამოყალიბებას ტრანზიტისა და სატრანზიტო ტარიფების დარეგულირებისადმი,  ვცდილობთ ჩვენი მეზობლებიც ჩავაბათ ამ პროცესში. ასე რომ, თუ შევაჯამებთ, საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც აპირებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონის რვა ქვეყნისათვის, აპირებს გახდეს ევროპის კარიბჭე აზიელი პარტნიორებისათვის. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ამ შესაძლებლობების შექმნის, განვითარებისა და ხელშეწყობისათვის უმნიშვნელოვანესი კონტექსტი არის მშვიდობა, სტაბილურობა, რეგიონის ქვეყნებისათვის ამ შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალების მიცემა.

საქართველოს ამ მიდგომის განხილვისას - გაუხსნას გზა მეზობლებს ცენტრალური აზიაში - ვგულისხმობთ შავ ზღვაში ღია შესაძლებლობების არსებობას. დღეს, 2014 წელს, ვითარება შავი ზღვის აუზის ქვეყნებისათვის უკიდურესად მძიმეა. შავი ზღვა გახდა რეგიონი, სადაც მოხდა ყირიმის ოკუპაცია, შემდგომ მისი ანექსია და სწორედ ახლა, ჩვენ კიდევ ერთი ოკუპაციის ანექსიაში გადაზრდის წინაშე ვდგავართ - ეს ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში.

ჩემი გამოსვლის დასასრულს, მინდა მოვუწოდო ყველას აქტიური ჩაბმულობისაკენ არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობების თვალსაზრისით, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის, შესაძლებლობების უზრუნველყოფის კუთხითაც იმ ქვეყნებისათვის, რომელთათვისაც რეგიონის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.

Add to Twitter Add to Facebook