მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზარარ აჰმად ოსმანს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება ეკონომიკის, სამხედრო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე გაამახვილეს.

ქვეყნის პირველმა პირმა ავღანელ სტუმართან ჰელმანდის პროვინციაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ISAF-ის მისიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ქართველ სამხედროებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ზარარ აჰმად ოსმანს იმ კეთილგანწყობისათვის, რომელსაც  ავღანეთის მოსახლეობა ქართველი სამხედროების მიმართ იჩენს.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ავღანეთში დაგეგმილი სამართლიანი და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებასა და მის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა  და მას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ. 

Add to Twitter Add to Facebook