მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე  ვიქტორია ნულანდი მიიღო. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები. მათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში  გამართული საპრეზიდენტო არჩევნები იყო. მათ იმ რეფორმებზეც ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის განვითარების მიზნით ახორციელებს.

ქვეყნის პირველმა პირმა  შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და მომავალი წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული იქნება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ პერიოდში - ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე -საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრისას,  საუბარი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც შეეხო.

Add to Twitter Add to Facebook