მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი აქცია-კონცერტს „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი აქცია-კონცერტს „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დაესწრო თბილისში, ევროპის მოედანზე გამართულ აქცია-კონცერტს, სახელწოდებით „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა ევროსტრუქტურებში გაწევრებისაკენ ისწრაფვის. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ქართული საზოგადოების ევროპულ არჩევანზე გაამახვილა და ის კონკრეტული გზავნილები გაახმოვანა, რომლებიც მკაფიოდ ასახავს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

„მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი მნიშვნელოვანი შეკრება შედგა. ამ მნიშვნელოვან შეკრებას სათავეში უდგას ყველაზე ჯანსაღი ძალა – სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ყველანი აქ ნათელი მიზნისათვის ვართ გაერთიანებული, რომელიც არ არის უბრალოდ რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევანი. ეს არც რომელიმე პოლიტიკოსის ან სახელმწიფოს მოხელის არჩევანია, ეს არჩევანი არც მხოლოდ ჩვენ გაგვიკეთებია - მათ, ვინც აქ ერთად ვდგავართ. ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც შექმნეს ლაღი ქვეყანა - საქართველო, რომლებმაც თავისუფლება, სულიერი თავისუფლება, სხვისი მიმღებლობა, ტოლერანტობა ჩადეს ჩვენი კულტურის საფუძვლებში. ამიტომ ჩვენ აქ ვდგავართ არა მარტო ჩვენი არჩევანისთვის, არამედ იმ არჩევნისათვის, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა და იმ არჩევნისათვის, რომელიც ჩვენს შთამომავლობას უფრო ძლიერს და თავისუფალს, უფრო ლაღს და თანამედროვეს გახდის. მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ  და ასეთი კარგი დღეა. ძალიან მიყვარხართ. ვიცით, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აქცია-კონცერტი საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გაიმართა და მასში 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.

 

Add to Twitter Add to Facebook