მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: აქ განსაკუთრებული აღტაცებით ლაპარაკობენ ქართველთა საბრძოლო სულზე

საქართველოს პრეზიდენტი: აქ განსაკუთრებული აღტაცებით ლაპარაკობენ ქართველთა საბრძოლო სულზე

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, „ლეზერნიკის“ სამხედრო ბაზაზე შტაბის განლაგებაში შეხვედრა გაიმართა. ბატალიონის ხელმძღვანელობამ საქართველოს დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ბატალიონის წინაშე არსებული საბრძოლო ამოცანებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრის შემდეგ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა.

პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად ბატალიონის პირადი შემადგენლობის განლაგების ადგილსაც ეწვია და ქართველი სამხედროების საცხოვრებელი ბანაკი დაათვალიერა. გიორგი მარგველაშვილი სასწავლო ცენტრში მიმდინარე ტაქტიკურ მეცადინეობასაც დაესწრო. 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მიშველიანმა პრეზიდენტს სამახსოვრო საჩუქარი - ბატალიონის ღერბი გადასცა.

„ყველა ქართველი ვამაყობთ იმით, რასაც ჩვენი ჯარი ISAF-ის მისიის ფარგლებში აკეთებს. ეს სიამაყე ერთი ათად იზრდება, როდესაც აქ მყოფ ჯარისკაცებს პირადად ხვდები. თითოეული მათგანი გმირია და ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ. სიამაყის გრძნობით ივსები, როდესაც ესაუბრები კოალიციის სხვა წევრებს, მათ, ვისაც ამ ადამიანებთან ერთად  უწევს მუშაობა. ისინი მუდმივად აღნიშნავენ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართველი ჯარისკაცის მიმართ და  განსაკუთრებული აღტაცებით ლაპარაკობენ ქართველთა საბრძოლო სულზე. აქ სამსახურისა და შემდგომ პერიოდში მინდა ყველას კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება და სახლში ჯამრთელად დაბრუნება. ყოველთვის ვიამაყებთ ქართული ჯარისა და ქართული მხედრული სულის მონაპოვარით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს სამგლოვიარო მემორიალი და დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრნენ. სამხედრო ბაზაზე მყოფ მოძღვარს საქართველო პრეზიდენტმა აღუთქვა, რომ სამლოცველოს გადასცემს იმ ხატებს, რომლებიც მას წინასაარჩევნო კამპანიის დროს აჩუქეს.

პრეზიდენტთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ  კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე იყვნენ.  

Add to Twitter Add to Facebook