მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს კურტ ტონგს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყანას მოუტანს სარგებელს. საუბარი შეეხო ამერიკიდან პირდაპირი ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობასაც.  

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით შეინიშნება.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონის მასშტაბით და განაცხადეს, რომ ქვეყანას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი რგოლის თვალსაზრისითაც.   

 „ჩვენსა და პრეზიდენტს შორის ძალიან კარგი საუბარი გაიმართა საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ იმ გზების თაობაზე, რომელთა მეშვეობითა და მჭიდრო თანამშრომლობით შეგვიძლია გავაღრმავოთ პარტნიორობა სავაჭრო საინვესტიციო მიმართულებით. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა გაიხსნას ამერიკული ინვესტიციების საქართველოში ჩასადებად. ასევე განვიხილეთ სტრატეგიული საკითხები რუსეთთან და რეგიონის სხვა ერებთან მიმართებაში. ბატონ პრეზიდენტს ზუსტი და მკვეთრი პოზიცია აქვს ამ თემასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზე ჩემთვის შეხვედრის მსვლელობისას გახდა ცნობილი“, - განაცხადა კურტ ტონგმა.  

Add to Twitter Add to Facebook