მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ბიზნესთანამშრომლობის ასოციაციის  როტობო-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბიზნესთანამშრომლობის ასოციაციის  როტობო-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესთანამშრომლობის ასოციაციის  როტობო-ს პრეზიდენტთან ტაკაში ნიშიოკასთან გამართა შეხვედრა, რომელზეც მსხვილი იაპონური ორგანიზაციებისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ ბიზნესმენებს სიტყვით მიმართა და მათ ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება იმ ახალ შესაძლებლობებზე გაამახვილა, რომლებსაც საქართველო უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს. მისი თქმით, ქვეყანაში სწრაფად ვითარდება ეკონომიკა, რაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული მიზანია.

„საქართველო ნამდვილად არის ქვეყანა, რომელიც სწრაფად ავითარებს ეკონომიკას. ეს ჩვენს მთავარ ეროვნულ მიზანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ მივესალმებით უცხოელი ბიზნესმენების ჩამოსვლას ჩვენს ქვეყანაში, არამედ ვავითარებთ კანონმდებლობას, ინფრასტრუქტურასა და პროცედურებს ბიზნესის კეთებისთვის. ჩვენ ყოველთვის გამოვდიოდით არა მარტო საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მოწოდებით, რომელიც ისედაც ყველაზე ლიბერალურია, არამედ მიგვაჩნია, რომ შესაძლებლობები მთელი რეგიონის მასშტაბით უნდა გაიზარდოს. ჩვენ სწარფად ვავითარებთ  ინფრასტრუქტურას - გზებს, მაგისტრალებსა და პორტებს. მოხარული ვარ, რომ იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან ამ პროექტებში მონაწილეობით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილის გაცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, რომელიც მოიცავს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობას, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს საინვესტიციო გარემოს.

„ეს გულისხმობს, რომ საქართველო ახლა ღიაა თავისუფალი სავაჭრო სივრცისთვის, იმ მომხმარებელთა მოსაზიდად, რომლის ნახევარზე მეტი არის ევროპაში. თავის მხრივ, ევროპული ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მსყიდველობითია მსოფლიოს მასშტაბით. უკვე გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან. საქართველოს აქვს სურვილი მხარი დაუჭიროს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ქმნის კიდეც შესაძლებლობებს ბიზნესისთვის. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, საქართველო ხდება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა საინვესტიციო თვალსაზრისით, რადგან ბიზნესმენებს ვთავაზობთ ძალზე შთამბეჭდავ, ღია ბაზარს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს აქვს დიდი ჰიდროპოტენციალი. ამას გარდა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ავითარებს ტურიზმს, სოფლის მეურნეობის სექტორს; ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მზად არის პარტნიორებთან ერთად ხელი შეუწყოს ამ და სხვა სფეროების განვითარებას“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

როტობო-ს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონური კომპანიები დაინტერესებული არიან საქართველოს საინვესტიციო გარემოთი და ყურადღება მან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა სამუშაო ფორმატით, დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა, რომელსაც ოფიციალური პირებისა და ქართველი ბიზნესმენების გარდა, იაპონიის 15 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. 

Add to Twitter Add to Facebook