მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი მიიღო. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის ფედერაციის ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ". მხარეებმა იმ საფრთხეებზე იმსჯელეს, რომლებსაც ამ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და რეგიონს უქმნის. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა  განაცხადა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო საზოგადოების ურყევ მხარდაჭერას და მტკიცე პოლიტიკას. მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო გააქტიურება.

„ჩვენი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა საქართველოში გერმანიის კულტურული მემკვიდრეობის საკითხების განსახილველად, რომელიც საქართველოს ისტორიის ნაწილი გახდა. ჩვენ ვგეგმავთ აღვნიშნოთ გერმანელი კოლონისტების საქართველოში პირველი შემოსვლის ორასი წლისთავი, ეს იყო ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი, თუმცა დღეს  განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა განვითარებული მოვლენები აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ჩვენ სიღრმისეულად განვიხილეთ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმების პროექტი. პრეზიდენტთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავრობა და პირადად მე შეშფოთებული და შეწუხებული ვართ აღნიშნულის გამო. ჩვენ არ ვიცით, რა არის რუსეთის ფედერაციის საბოლოო განზრახვა... ჩვენ დაინტერესებულნი ვართ აღნიშნული საკითხით და თვალს მივადევნებთ განვითარებულ მოვლენებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.

საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს პრობლემას უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებსაც, მაგალითად, უკრაინასა და მოლდოვას.  

საუბრისას, მხარეებმა ყურადღება ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც გაამახვილეს.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ. 

Add to Twitter Add to Facebook