მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: გზავნილი, რომელსაც ევროპელი, ამერიკელი და რეგიონის სხვა პარტნიორების მიმართ

საქართველოს პრეზიდენტი: გზავნილი, რომელსაც ევროპელი, ამერიკელი და რეგიონის სხვა პარტნიორების მიმართ გვაქვს, ორიენტირებულია მომავალზე, შერიგებაზე...

მივესალმები აუდიტორიას.

მადლობას გიხდით ძალიან სასიამოვნო წარდგენისთვის და იმ ვიდეორგოლისთვის,  რომელიც ქართული აუდიტორიისათვის ძალიან ბევრ ემოციურ კადრს მოიცავს.  

ეს ჩვენი პირველი ვიზიტია იაპონიაში და მთელი დელეგაციის სახელით მინდა ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვართ თქვენს დიდებულ ქვეყანაში სტუმრობით.

ემოციები, რომლებსაც აქ ერთმანეთს ვუზიარებთ, განპირობებულია იმ გრძობებით, რომლებიც, მჯერა, ჩემი ერის თითოეულ მოქალაქეს აქვს.

დღეს ჩემს მეგობრებსაც ვეუბნებოდი, რომ საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, რომელსაც იაპონიასთან კავშირის რაიმე ნიშანი არ აქვს - რაიმე მცირედი სამახსოვრო, წიგნი,  ხელოვნების ნიმუში, ან სხვა რამ, რომელიც ოჯახს თქვენს დიდებულ ქვეყანასთან და მის დიდებულ კულტურასთან აკავშირებს.

ახლა ჩვენ ვაგებთ ჩვენი პარტნიორობის შემდეგ საფეხურებს და ეს ემყარება იმ ინტერესებს, მიზნებს და ფასეულობებს, რომლებიც საერთო გვაქვს მსოფლიოს მომავალთან და ზოგადად, ხედვასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის დიდი პატივია ვსტუმრობდეთ თქვენს ქვეყანას, რომელიც ძალიან კონკრეტული და კარგი მაგალითია ჩვენთვის გამოცდილების მისაღებად.

კიოტოში ყოფნისას კარგად დავინახე, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის მეცნიერულად, ტექნოლოგიურად განვითარება ისე, რომ არ დაკარგო შენი იდენტობა და კულტურა - პირიქით, შეძლო ამ კულტურის თანამედროვე ფორმატში გადატანა.

ვფიქრობ, ეს სწორედ ისაა, რასაც ქართველები ვეძებთ ჩვენს მიერ არჩეული გზით.

მეორე მნიშვნელოვანი საერთო ფასეულობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, არის ერების ფორმირება. ეს არის დემოკრატიული საზოგადოება, დამყარებული დემოკრატიის პრინციპებზე, რომელიც ხდება სტაბილური, ვითარდება და მდიდრდება იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის ნებას ასრულებს.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც შთამბეჭდავი განვითარების პროცესი გაიარა იმ საკითხებში, რომლებიც დემოკრატიის შენებას უკავშირდება.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ხელისუფლება არჩევნების შედეგად, მშვიდობიანი გზით შეიცვალა. ჩვენ გავმართეთ სამი არჩევნები და ამან საზოგადოებას კიდევ უფრო განუმტკიცა  დემოკრატიისა და მისი შესაძლებლობების რწმენა.   

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ძალიან მტკიცე, დასავლეთზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღო და დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღვნიშნე კიდეც, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად არც ჩვენს მთავრობას მიუღია და არც წინა ხელისუფლებებს - საქართველოს ყველა მთავრობას ჰქონდა ევროპისა და ატლანტიკური სივრცისკენ მიმართული ორიენტირები.  აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არა მხოლოდ მთავრობების, არამედ ჩვენი ხალხის მოთხოვნაა -  უფრო აქტიურად ინტეგრირდეს იმ ოჯახში, რომელიც დემოკრატიასა და დასავლურ არჩევანს ეფუძნება.

ამ მიმართულებით ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით - საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მას საშუალებას აძლევს ეკონომიკურად განვითარდეს და შეძლოს საზოგადოების უფრო მყარი ინტეგრაცია  ევროპულ სტრუქტურებსა და საზოგადოებაში.

ყოველივე ეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალ შანსს აძლევს, რადგან ჩვენ ვხსნით ახალ შესაძლებლობებს მეტად შთამბეჭდავი და დიდი ევროპული ბაზრისაკენ.  

უელსის [ნატო-ს] სამიტზე საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა  ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.

ჩვენი ქვეყანა ქმედით ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, რადგან ის არის კონტრიბუტორი ევროკავშირის მისიაში - ცენტრალურ აფრიკაში, ასევე ნატო-ს სამშვიდობო მისიაში - ავღანეთში.

ქვეყანას, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და დემოკრატიაზე, შესწევს უნარი მიიღოს  მთელი რეგიონის განვითარებისათვის საჭირო გადაწყვეტილებები.

ჩვენი პარტნიორობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაიწყო ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან და მისი ინიციატორი იყო ედუარდ შევარდნაძე; შემდეგ ეს ურთიერთობები განვითარდა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში და დღეს უფრო მეტი  წინსვლა გვაქვს უფრო დატვირთული გეგმით, რომელიც შეეხება კასპიის რეგიონის რესურსების ტრანსპორტირებას ევროპული ბაზრისკენ.

დასაწყისში, გაზის პროექტის სამიზნე ქვეყანა თურქეთი იყო, მაგრამ ახლა მისი სამიზნე არის მთლიანად ევროპა და ეს არის უმნიშვნელოვანესი საშუალება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.  

ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელშიც, პრინციპში, ჩვენი იაპონელი მეგობრებიც არიან ჩართული და ეს შეეხება რკინიგზის, მაგისტრალებისა და პორტების პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს აზიური ტვირთების გადაზიდვას ევროპაში და პირიქით, ევროპიდან აზიისკენ ტრანსპორტირების გაუმჯობესებას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პარტნიორობით საკუთარი წვლილი შეგვაქვს რეგიონში მშვიდობისა და უზრუნველყოფის საქმეში.

იგივე მიდგომა გვაქვს ელექტროენერგიის ტრანსპორტირების სეგმენტში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენს იაპონელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ იაპონიის შემდგომი ჩართულობა ამ პროექტების განხორციელებაში.

დიდი აბრეშუმის გზის პროექტი აერთიანებს აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპულ ქვეყნებს უფრო წარმატებული პარტნიორობისათვის.

გვჯერა, რომ იაპონიას, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, ერთ-ერთ უძლიერეს დემოკრატიას, რომელიც დიდი შვიდეულის წევრია და აქვს უზარმაზარი გავლენა მსოფლიოში, შესაძლოა მეტი ინტერესი ჰქონდეს ამ პროექტების მიმართ.

რა თქმა უნდა, საქართველო მხოლოდ პრობლემების გადაჭრის გზებს არ სთავაზობს - ვითარება რეგიონში არის ძალიან რთული.

დღეს აქ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც დიდი სირთულეები აქვს მეზობელთან - რუსეთის ფედერაციასთან.

2008 წელს ჩვენ გამოვცადეთ სამხედრო აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, როდესაც მოხდა ჩვენი ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და რუსეთმა აღიარა   დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს კვაზი-სახელმწიფოები იმ პრობლემების შემადგენელი ნაწილია, რომელიც დღეს საქართველოს აქვს რუსეთთან.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, მყარი და პრინციპული მხარდაჭერა იაპონელი პარტნიორებისგან, რომლებიც მტკიცედ გვედგნენ მხარში  საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით გაეროში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მშვიდობიან დაბრუნებას.

თუმცა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგმა ვერ შეძლო ამ პრობლემების გადაჭრა. 2008 წელს ომი შეჩერდა, შეჩერდა ტერიტორიების ოკუპაციის პროცესი, მაგრამ ჩვენ (ვგულისხმობ საერთაშორისო საზოგადოებას ზოგადად) ვერ შევძელით, რეალურად გადაგვეჭრა პრობლემა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტატუს-კვოს დაბრუნება.

უკვე 2014 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ყოველივე ეს განმეორდა და ახლა ორი მიმდინარე კონფლიქტია უკრაინაში - ანექსირებული ყირიმი და ურთულესი ვითარება დონეცკსა და ლუგანსკში.

სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენ შევიტყვეთ ახალი ხელშეკრულების შესახებ, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის და რომელიც რეალურად ამ კვაზი-სახელმწიფოს ართმევს მის ე.წ. სახელმწიფოებრივ თუ დამოუკიდებლობის ფუნქციას და ისრუტავს მას რუსეთის ფედერაციის, კანონმდებლობის, არმიის, ძალოვანი სტრუქტურების შემადგენლობაში.

ამ გზით, რუსეთი კიდევ უფრო აღრმავებს ისედაც რთულ ვითარებას რეგიონში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ იმედი გვქონდა და ვცდილობდით, გამოგვეხატა ჩვენი მშვიდობიანი მიდგომა ამ მეტად რთული საკითხისადმი.

ჩვენ ვცდილობდით გვეწარმოებინა მოლაპარაკება, რომელიც ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის გზებს დასახავდა. იმედი გვქონდა, რომ დაპირისპირების დღეები შეჩერდებოდა და რაღაც ეტაპზე დავიწყებდით მოლაპარაკებას პრობლემის გადაჭრის გ ზებზე.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც აფერხებს პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას იმ ხალხისთვის, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოყარეს და ახლა თავიანთ ქვეყანაში დევნილობაში ცხოვრობენ.

ამ პრობლემის გადაჭრა კიდევ უფრო გადავადდა და ახლა სახეზეა მეტი აგრესიის მცდელობა და განზრახვა, რომ აფხაზეთის ოკუპაცია გადაიზარდოს მის ანექსიაში.

მინდა ვთქვა, რომ ამ ქმედებების ლოგიკა ჩვენთვის გაუგებარია - გაუგებარია თუ ვის მოუტანს სარგებელს ეს კონფლიქტი.

მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ეს საკითხი ბევრჯერ განვიხილე და ფაქტია, რომ რუსეთი არის მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა ტერიტორიის თვალსაზრისით, თუმცა კი არ ყავს მოსახლეობის უდიდესი რაოდენობა.

რუსეთს აქვს განვითარების ძალიან სერიოზული დღის წესრიგი, როგორც ყველა ქვეყანას.  რუსეთსაც აქვს პრობლემები, მაგრამ მეზობელი ქვეყნების მცირე მიწების ოკუპაციით,  ვერც ერთ ამ პრობლემას, რომელიც უკავშირდება მის მოდერნიზაციას, ეკონომიკურ რეფორმას თუ სხვა საკითხებს, რუსეთი ვერ გადაჭრის.

ეს პრობლემები რუსეთში არ მოგვარდება მის მეზობელ სახელმწიფოებში კვაზი-სახელმწიფოების შექმნით, სადაც ვერ ხორციელდება ტერიტორიების ეფექტიანი კონტროლი ცენტრალური ხელისუფლებების მიერ; რომლებიც ტერორიზმის, იარაღით უკანონო ვაჭრობის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკის კონტრაბანდის ნავსაყუდელი გახდა.

საზღვრებთან ასეთი სირთულეების შექმნით, რუსეთი ვერ მოაგვარებს ვერც მისი ხალხის და ვერც ამ პრობლემურ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის პრობლემებს.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ უფრო მეტად ჩავაბათ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები საქართველოს დემოკრატიული წინსვლის პოზიტიურ პროცესებში; ჩავაბათ იმ დადებით პროცესში, რაც არის ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ჩავრთოთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში, მაგრამ ამის ნაცვლად, მათ სთავაზობენ საერთოდ გაქრობას, სრულ უპერსპექტივობას.

ასე რომ, ამ პროცესიდან სარგებელს ვერავინ ნახავს, ვერც რუსეთი, რადგან მას ექმნება უხერხულობა საერთაშორისო დონეზე; ვერც საქართველო - მისთვის ეს არის ყველაზე ტრაგიკული ამბავი, რადგან ჩვენი ორი ტერიტორია ოკუპირებულია და ვერც ხალხი, რომელიც იმ რეგიონებში ცხოვრობს, რადგან ეს მათთვის ევროპულ და აყვავებულ საზოგადოებაში ინტეგრაციის დასასრულია.

ამიტომ არ გვესმის ჩვენ ეს ყველაფერი.

სამაგიეროდ, ჩვენ ვხედავთ ფაქტებს და ვეძებთ გამოსავალს. ერთადერთი გამოსავალი კი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გავააქტიუროთ მოლაპარაკება და თავად რუსეთის ფედერაციაში დავარწმუნოთ ხალხი, რომ არც საქართველო, არც უკრაინა არ არიან რუსეთის მტრები, უფრო მეტიც, პირიქით - ყველა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო გრძნობს, რომ საერთო წარსულიდან გამომდინარე, მათ შეიძლება ჰქონდეთ საერთო მიზნები, კულტურული კავშირები, რომელიც იმსახურებს პატივისცემას, შექებას. შესაბამისად, შეგვიძლია საკუთარი მომავალი ავაშენოთ ერთ მნიშვნელოვან საფუძველზე - ეს არის საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება, პატივისცემა და დაფასება.  

სწორედ ამ წერტილიდან შეგვიძლია ჩვენ განვაგრძოთ საერთო, სტაბილური, აყვავებული და საინტერესო რეგიონის მშენებლობა; რეგიონის, რომელიც ბევრი პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა.

სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას, რომელიც იწვევს დაძაბულობას მის უზარმაზარ საზღვრებთან და აქედან გამომდინარე, ქმნის დაძაბულობას ევრაზიის კონტინენტის ნახევარზე. იმედი გვაქვს, რომ ყოველივე ეს გარკვეულ ეტაპზე დასრულდება და გააზრების საფუძველზე მოიძებნება პრობლემის მოგვარების ერთიანი ხედვა და მივალთ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე, მით უმეტეს, რომ ეს ეხება საერთო საფრთხეებს რეგიონში.

ვხედავთ, რომ რეგიონი ახალი სირთულეების წინაშე დგას. არის გადაუჭრელი საკითხები აქ მცხოვრები ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით.

ISIL-ის  პრობლემა კიდევ ერთი სირთულეა, რომელიც აჩენს შეკითხვას - რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ  იმით, რომ არ ვიღებთ საერთო პასუხისმგებლობას და უმოქმედობით სტაბილურს ვტოვებთ ძალიან საშიშ პროცესებს, რომლებიც, თავის მხრივ, რეგიონის ქვეყნებს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს და იწვევს ახალი კვაზი-სახელმწიფოების წარმოქმნას.  

საქართველო პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშეა და ეს ბევრჯერ მითქვამს.

საქართველო ყოველთვის იღებდა დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო სტაბილურობის, მშვიდობისა და წესრიგის დამყარების საქმეში და ამაში თავისი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ ინსტიტუციებისა  და პოლიტიკის გზით, არამედ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში უნდა ვიყოთ არა მხოლოდ კონტრიბუტორი, არამედ მისი მიმღებიც.

ნებისმიერ შემთხვევაში, გზავნილი, რომელსაც ევროპელი, ამერიკელი და რეგიონის სხვა პარტნიორების მიმართ გვაქვს, შინაარსით ძალიან დადებითია და ორიენტირებულია მომავალზე, შერიგებაზე და არა პრობლემის გამწვავებაზე.

ვგრძნობთ, რომ, საბოლოოდ, ეს მიდგომა გადაწონის, თუმცა ბევრ შემთხვევაში საპირისპირო ფაქტებს ვაწყდებით.  

ჩვენ ვხედავთ იაპონიას, როგორც ჩვენს პარტნიორს, ქვეყანას, რომელმაც დიდწილად ხელი შეუწყო ორმხრივი განვითარების პროცესს და ჩვენი ამჟამინდელი ვიზიტი მიზნად ისახავს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული; საქართველო არის დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ის დატვირთულია ისტორიული ფაქტებით და ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიით.

მჯერა, რომ საქართველო ევროპის რეგიონისთვის ბევრი პრობლემის გადაჭრის გზებს მოიტანს როგორც ევროპულ, ისე გლობალურ ფორმატებში.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - მოხარული ვართ აქ ყოფნით, მოხიბლული ვართ არაჩვეულებრივი მასპინძლობითა და პარტნიორული გარემოთი.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კომუნიკაცია გაგრძელდება მეგობრებთან და პარტნიორებთან და საქართველოსაც და იაპონიასაც უკეთესი მომავალი ექნებათ.

დიდი მადლობა. 

Add to Twitter Add to Facebook