მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ ზინობიანს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ ზინობიანს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ ზინობიანს ესტუმრა, სადაც ისტორიული კავკასიის ალბანეთის მემკვიდრე მოსახლეობა - უდი ხალხი ცხოვრობს. ქვეყნის პირველმა პირმა სოფლის სკოლაში არსებული მუზეუმი დაათვალიერა, სადაც განთავსებულია უდიების კულტურული მემკვიდრეობის ნივთები და ეთნოგრაფიული ექსპონატები. იგი ასევე გაქრობის ზღვარზე მყოფი უძველესი მართლმადიდებელი ერის შესახებ ისტორიულ მონაცემებს გაეცნო, რომელიც მუზეუმში ფოტომასალისა და წიგნების სახით არის თავმოყრილი. მუზეუმის წიგნში, საქართველოს პრეზიდენტმა სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია „უდი“ მასპინძლობდა, რომელიც 2001 წლიდან ამ ისტორიული ერის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის გადარჩენა-შენარჩუნებაზე მუშაობს. ამ მიზნით, სკოლაში, სადაც მუზეუმია განთავსებული, ადგილობრივი ბავშვები უდიურ ენასაც სწავლობენ. 

მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი სოფელში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ მოგვარებაში მოსახლეობას დახმარება აღუთქვა. კერძოდ, ადგილობრივებმა პრეზიდენტთან გაზიფიკაციისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, გაზიფიკაცია ქვეყნის მასშტაბით 2015 წლამდე დასრულდება.  მისი თქმით, ეტაპობრივად გარემონტდება სკოლაც და ბავშვებისთვის მოეწყობა სტადიონიც, ასევე მოგვარდება ამბულატორიისა და სამლოცველოს პრობლემა, რომელიც ადგილობრივთათვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს.

მსოფლიოში უდიებით კომპაქტურად დასახლებული სულ ორი სოფელია, მათ შორის ერთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დღესდღეობით, საქართველოში 1200-მდე მართლმადიდებელი უდი ცხოვრობს, რომელთაგან 400 სოფელ ზინობიანის მკვიდრია.  

Add to Twitter Add to Facebook