მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის  წარმომადგენელს თომას ჰამერბერგს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის  წარმომადგენელს თომას ჰამერბერგს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ევროკავშირის  სპეციალური წარმომადგენელი  სამართლებრივ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგი მიიღო. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების პოლიტიკური ნება მართლმსაჯულების სფეროში დაწყებული რეფორმების გაგრძელების შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წელი საქართველოსთვის რთული იქნება, ვინაიდან ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მისი განცხადებით, ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ამ ერთი წლის განმავლობაში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან - მის ხელმოწერამდე. მიუხედავად იმისა, რომ თომას ჰამერბერგი საქართველოში მისიას 2013 წლის დეკემბერში დაასრულებს, პრეზიდენტმა მას საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელება 2014 წლის განმავლობაშიც სთხოვა.

როგორც ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილთან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა. საუბრისას მათ 2013 წლის სექტემბერში ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობისთვის მიცემული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა გახდეს.

„საქართველოს პრეზიდენტი დადებითად არის განწყობილი ამ საკითხების მიმართ. ადამიანის უფლებების დაცვა იქნება ერთ-ერთი წამყვანი გამოწვევა  ქვეყნისათვის. ასევე ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე და იმ წარმატებებზე, რაც თქვენს ქვეყანას ჰქონდა ვილნიუსში. საქართველოს დაახლოება ევროპულ საზოგადოებასთან ხელს შეუწყობს საქართველო-ევროპას შორის თავისუფალ მიმოსვლას, თანამშრომლობას ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში, რაც რიგით მოქალაქეებზეც აისახება“, - განაცხადა თომას ჰამერბერგმა. 

Add to Twitter Add to Facebook