მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესწრება კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ინტერნეტი ყველასათვის“. ფორუმი  გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმრის სტატუსით ესტონელ კოლეგასთან ერთად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ისევე, როგორც ეტონეთის პირველმა პირმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინტერნეტ სივრცეში ადამიანის პირადი უფლებების დაცვასა და კობერუსაფრთხოების აუცილებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა, როდესაც რუსეთმა საქართველოზე არა მხოლოდ სამხედრო თავდასხმა, არამედ კიბერშეტევასაც განახორციელა. მან ინტერნეტის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას რუსთთან ომის დროს საფრთხე შეექმნა. რეალურ, ფიზიკურ ომთან ერთად, ის ინტერნეტსივრცესაც შეეხო. ჩვენ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ნაკლებად ვიყავით დაცული და ნაკლებად ვიცოდით ამ საფრთხეების შესახებ, რადგან ჩვენი იდენტობის, ჩვენი არსის არეალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მყიფე აღმოჩნდა  და კიდევ ერთი აგრესიის ობიექტი გახდა. ჩვენ კიდევ ბევრი სხვა პრობლემა დაგვატყდა თავს. 2008 წლის კონფლიქტის დროს მოხდა ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. ნახევარი მილიონი ადამიანი დევნილად იქცა.  ახლა, როდესაც google-ის საძიებო სისტემაში ვეძებთ აფხაზეთს - ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ნაწილს, ის დამოუკიდებელი ქვეყნის სახით არის შეტანილი. ეს ძალზე პრობლემური თემაა ჩვენთვის და არღვევს იმას, რასაც ეროვნულ იდენტობას ვუწოდებთ. მნიშვნელოვანია განისაზღვროს საზღვარი თავისუფლებასა და ამ უფლების რეალიზაციას შორის ისე, რომ არ დაირღვეს სხვების უფლებები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალზე საინტერესოა თქვენი, ექსპერტების აზრი - როგორ გადავჭრათ ეს საკითხები და ვიცხოვროთ უკეთეს მსოფლიოში მეტი კომუნიკაციისა და დაბრკოლებათა ერთად გადალახვის გზით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

დასასრულ, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც აპირებს ითანამშრომლოს თავის პარტნიორებთან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ კოალიციის სულისკვეთებას და მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ვიღებთ პასუხისმგებლობას მომავალშიც უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მათ შორის ინტერნეტთავისუფლების უმაღლესი სტანდარტები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 ამ წუთებში  საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილი ტალინში ქვეყნის პრეზიდენტის გარდა პრემიერ-მინისტრს ტაავი რიივას, საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდება. დღის ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის მიერ გამართულ გალა-სადილს დაესწრება.

გიორგი მარგველაშვილი ტალინში ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის მიწვევით იმყოფება. საერთაშორისო კონფერენციას 22 ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებიან. 

Add to Twitter Add to Facebook