მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა. მხარეებმა, უპირველესად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექნილი ვითარების შესახებ იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება მავთულხლართების საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საქართველოს მხრიდან გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხერხდა და რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, რუსეთი გეგმავს წლის ბოლომდე აფხაზეთთან გააფორმოს ე.წ. ხელშეკრულება "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", რაც, მისივე თქმით, პირდაპირი ნაბიჯია აფხაზეთის ანექსიისკენ.

ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს ეუთოს ჩაბმულობას მიმდინარე პროცესებში და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეუთოს ეფექტიან  წარმომადგენლობას ადგილებზე.  ასევე აღინიშნა, რომ მოსკოვს  მკაფიო გზავნილი უნდა მიუვიდეს ჟენევის ფორმატით კონსტრუქციული მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობის თაობაზე; მით უფრო, რომ ჟენევის დისკუსიას საქართველო განიხილავს ერთადერთ ფორმატად უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად რუსეთის ფედერაციასთან.

შეხვედრისას, დადებითად შეფასდა ის, რომ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გასაგრძელებლად, საქართველო აქტიურ თანამშრომლობას ეუთო-ს ინსტიტუტებთან აგრძელებს.

გიორგი მარგველაშვილისა და ლამბერტო ზანიერის შეხვედრისას, საუბარი უკრაინის საკითხსაც შეეხო.  მხარეებმა ყურადღება ყირიმის ანექსიაზე გაამახვილეს.

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სამუშაო საუზმის ფორმატში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.

Add to Twitter Add to Facebook