მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილს მათ საკუთარი მოსაზრება გააცნეს და იმ რისკებზე იმსჯელეს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირდება. მხარეებმა ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და შიდა პოლიტიკური ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც სამხედრო, ისე საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა შემოდგომით დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ნატოს სამიტი  და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა იყო.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ურთიერთობის თემები, ასევე ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ის პოტენციალი, რომელიც ამ ურთიერთობას აქვს. ამას გარდა, საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხს, რამდენადაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს საქართველოს სტაბილურობაზე, სუვერენიტეტსა და მდგრადობაზე. უაღრესად ბევრი თემა იყო განხილული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ  რაიმე ღია დაპირისპირების საფრთხეს, რომელიც შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მიუხედავად იმისა რომ, სამწუხაროდ, პირადად გვაქვს ამის გამოცდილება 2008 წელს და უკრაინის შემთხვევაში 2014 წელს. ეს ერთი. მეორე საკითხია ის, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ დაძლიოს ასეთი საფრთხეები. ამისათვის ქვეყანაში უნდა იყოს უფრო მეტი სტაბილურობა და ერთიანი პოზიცია საგარეო საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი მავთულხლართებისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თემებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართული მხარე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისათვის.

„ამ ფაქტებმა, სამწუხაროდ, რეგულარული ხასიათი მიიღო და ეს შემაშფოთებელია. ამას არ ვუკავშირებ რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მუდმივად გამოვხატავთ პროტესტს და ვცდილობთ, ჩვენი ევროპული არხების მეშვეობით გავაგებინოთ მოსკოვს, რომ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცის დარღვევა არ მატებს პატივს და არ წერს მას ცივილიზებულ ქვეყანათა სიაში. ხალხი, რომელიც გეგმავს მავთულხლართების გავლებას, ამას იმისთვის აკეთებს, რომ პრობლემები შეუქმნას იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სრულიად ბუნებრივი სურვილი მივიდნენ წინაპრების საფლავებთან, ან ადგილობრივ ეკლესიაში. ჩვენ გვაქვს ერთი მექანიზმი, რომელსაც ძალიან აქტიურად ვიყენებთ - ეს არის ამ საკითხის წამოწევა მსოფლიო  თანამეგობრობის ყველა ფორუმზე, სადაც ყურადღებას ვამახვილებთ იმის შესახებ, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის  სრულიად უკანონო მცდელობა, ხელი შეუშალოს ერთა შორის პრობლემებისა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ის ხალხი, რომელიც მავთულხლართს ავლებს, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ აქ პრობლემა გვარდება და ადამიანები ერთმანეთთან კავშირს პოულობენ. ეს არის სტრატეგია კონფლიქტის მოგვარების წინააღმდეგ, რაც, თავის მხრივ, არის როგორც ეუთოს, ისე გაეროს სულისკვეთებისა და დეკლარაციების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საერთაშორისო დანაშაული,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ქვეყნის პირველ პირს ექსპერტებმა რეგიონალური უსაფრთხოების თაობაზეც გააცნეს საკუთარი პოზიცია და ყურადღება უკრაინიაში შექმნილ კრიზისზე გაამახვილეს.

გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე 20-მდე ექსპერტი და პოლიტოლოგი ესწრებოდა.

Add to Twitter Add to Facebook