მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავისუფლების დამცველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავისუფლების დამცველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

 

გიორგი მარგველაშვილმა რიყეზე გამართულ ლიტვის თავისუფლების დამცველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ლიტველ ხალხს თავისუფლების დამცველის დღე მიულოცა.

 

სახელმწიფოს მეთაურმა ლიტვურ დიასპორას საქართველოში, ქართველ სტუდენტებსა და შეკრებილ საპატიო სტუმრებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ქართველი და ლიტველი ხალხის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვაზე გაამახვილა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ერის ახლო წარსული, მათი თავისუფლებისა და სრული სუვერენიტეტისთვის ბრძოლა ერთმანეთს ჰგავს.

„არის გამოთქმა, რომ თავისუფლების ხე დროდადრო პატრიოტთა სისხლით უნდა მოირწყას. სამწუხაროდ, ამ გამოთქმის მართებულობა გამოსცადა ჩვენმა ორმა ერმა, ჩვენმა თაობამ, როგორც ლიტვაში ასევე საქართველოში. პატრიოტებმა, თავისი სისხლით, თავისი პრინციპულობით, თავისი ქვეყნის სიყვარულით, თავისი მომავლის რწმენით შექმნეს საკუთარი ქვეყნების დამოუკიდებლობა. მათი დავიწყება შეუძლებელია.

ეს არის დღე, როდესაც ერთდროულად სიამაყით გვევსება გული და ამავე დროს მძიმედ განვიცდით იმ დანაკარგს, რომელიც ჩვენმა ერებმა გაიღეს ჩვენი დამოუკიდებლობისათვის. ამ დამოუკიდებლობას ჩვენ ვქმნიდით ერთად 20-25 წლის წინ, როდესაც ერთად ვამტკიცებდით, რომ ლიტვაც, საქართველოც და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც იყვნენ ნაწილი აბსოლუტურად ძალადობაზე დამყარებული იმპერიისა, უნდა გამხდარიყვნენ დამოუკიდებლები. მას მერე ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ. ამ ძნელ გზაზე ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით - ქართველი და ლიტველი ხალხი.

დღეს მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ლიტვის ხელისუფლებას, ლიტველ ხალხს იმ დახმარებისთვის, რასაც ჩვენ გვიწევთ როგორც ევროპასთან, ისე ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ეს არის გზა, რომელიც მიიყვანს საქართველოს სრულ დამოუკიდებლობამდე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სრულ სუვერენიტეტამდე, იმ მიზნებამდე, რომლებიც მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი ხალხის, ისე მთელი მსოფლიოსათვის. 

დღეს, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ ამ ბრძოლებში, ჩვენ პატივს მივაგებთ მათ სულებს, ვინც თავისუფლება ყველაზე მაღალ ღირებულებად დააყენა!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმრებთან ერთად, ლიტვის ორასი მეტრის სიგრძის დროშის გაშლის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

ლიტვის თავისუფლების დამცველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ ლიტვის ელჩი საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თბილისის მერი, აშშ-სა და შვეიცარიის ელჩები საქართველოში.

1991 წლის 13 იანვარს საბჭოთა ჯარმა ვილნიუსში სტრატეგიული ობიექტების დაკავება სცადა, რასაც ლიტველმა ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებას 13 პატრიოტის სიცოცხლე შეეწირა, 1000-მდე კი დაშავდა.

Add to Twitter Add to Facebook