მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სრული რწმენით ვაცხადებ: საქართველოში ევროპულ

საქართველოს პრეზიდენტი: მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სრული რწმენით ვაცხადებ: საქართველოში ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება!

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  უკრაინის ხელისუფლება გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადალახვის უფლება არც ერთ ხელისუფალს არ აქვს. ქვეყნის პირველმა პირმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კიევში შეტაკებების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

„სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებას გაეღრმავებინა პოლიტიკური დიალოგი, მიმართა ძალადობას. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ეხმარა ყველა ღონე, რათა საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან“, -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის საშინაო საკითხებზე საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა 2013 წელს განხორციელებული ცვლილებები და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს. პრეზიდენტის თქმით, პირადად მისი და ხელისუფლების მთავარი ორიენტირი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და მისი კეთილდღეობაა. სოციალური თანასწორობის დამკვიდრებას ქვეყნის პირველი პირი ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს, რომლის მიღწევის გზას ეკონომიკის გაჯანსაღებასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნაში ხედავს. მან სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტზეც ისაუბრა, რომელმაც, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა სოფლად მცხოვრები ადამიანების ყოფაში.

საქართველოს პირველმა პირმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ის 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება, ხოლო შესაბამის განკარგულებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც პარლამენტი საარჩევნო კოდექსს მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაც შეაფასა. მისი განცხადებით: „2013 წელი ქართული ეკონომიკისთვის იყო რთული, რადგან ეს იყო გარდამავალი პერიოდი“.  როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ პრობლემის დასაძლევად. გიორგი მარგველაშვილის თვალსაზრისით, აუცილებელია კონკურენციის ზრდა და შესაბამისი რეფორმების განხორციელება, რათა მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. მას ასევე   მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. 

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას. ეს კი, მისი თქმით: „საზღვრების ურღვეობას, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას და ქვეყნის დეოკუპაციის პრინციპებს ემყარება“. გიორგი მარგველაშვილმა გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ საქმეში საკუთარი როლის გააქტიურებისკენ მოუწოდა, რათა გადაწყდეს „ერთ-ერთი მთავარი საკითხი - დევნილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“.  

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან, მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებსაც მიმართა.

„ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც იქნება  მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურულ იდენტობის შენარჩუნების და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო რეჟიმების ხელმძღვანელებს კი მოუწოდა, არ წავიდნენ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ და ახალი ბარიერების შექმნით, არ შეეცადონ იმ ხალხებს შორის დაარღვიონ კავშირი, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ერთიანი სახელმწიფოებრიობა აკავშირებთ.

„ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომითა  და გარე ძალების უხეში ჩარევით იქნა დარღვეული, რაც ყველას ძალიან მძიმედ, ჩვენივე ხალხების სისხლის ფასად დაგვიჯდა. დღეს საფრთხის ქვეშ დგას აფხაზებისა და ოსების იდენტობა და თვითმყოფადობა. ამის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ჩვენი ერთიანობა და ერთად ცხოვრება წარმოადგენს. ამიტომაც,  თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსების და ზოგადად ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში!“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.  

როგორც გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, არაღიარების პოლიტიკა არ ნიშნავს  იზოლაციონალიზმს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ჩართვას ევროკავშირთან ერთობლივ იმ ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებში, რომლებიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრატეგიით - ჩართულობა თანამშრომლობის გზით.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ დიალოგის ახალი ფორმატით, ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს რუსეთს, რომ დალაგებული, ეკონომიკურად წელში გამართული, სტაბილური საქართველო, რომელმაც გააკეთა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას.

„ჩვენ ვაშენებთ მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც მიზანია კეთილმეზობლობა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ დაცული იქნება ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა - მხოლოდ ამ ფასეულობების პატივისცემის ფონზე“, - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-სა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეს დაუკავშირა და ქვეყნის ხელისუფლება ამ გზას არასდროს გადაუხვევს. 2013 წელი სახელმწიფოს მეთაურმა ამ მხრივაც მნიშვნელოვნად და წარმატებულად შეაფასა და მიმდინარე წელს ელის, რომ განხორციელებული რეფორმები და ცვლილებები აისახება როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თვალსაზრისით, ისე ნატო-ს სამიტზე ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით.  

„პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან - ევროპულ სახელმწიფომდე - სწორედ ასე განისაზღვრება ჩვენი უახლოესი მომავლის ისტორიული და პოლიტიკური მისია.... მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სრული რწმენით ვაცხადებდი და ვიმეორებ: საქართველოში ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება!“ - განაცხადა მან.

როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ქვეყნის პრეზიდენტი  მიზანშეწონილად მიიჩნევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის გაგზავნას. 
გიორგი მარგველაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

„საქართველოში აღარასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ის, რომ მოქალაქეთა წინაშე სახელმწიფოს აკისრია დემოკრატიის, მშვიდობის, უსაფრთხოების,  კეთილდღეობის, თანასწორობის უზრუნველყოფის უდიდესი პასუხისმგებლობა“, - ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თავის პირველი მოხსენება საქართველოს პრეზიდენტმა ამ სიტყვებით დაასრულა.   

Add to Twitter Add to Facebook