მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: მე თქვენთან ერთად ვიქნები! მომავალი გამარჯვებებისკენ!“

საქართველოს პრეზიდენტი: მე თქვენთან ერთად ვიქნები! მომავალი გამარჯვებებისკენ!“

საქართველოს  პრეზიდენტმა ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების ხელმოწერა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქართველ ხალხთან ერთად იზეიმა. გიორგი მარგველაშვილმა ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა  და მათ საქართველოს ევროპასთან დაახლოება მიულოცა. გამოსვლის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას პირადადაც გაესაუბრა და წინსვლა მათ კიდევ ერთხელ უსურვა.

„მოგესალმებით თანამემამულენო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ დღეს ერთად ვდგავართ. მინდა დღეს მთელ საქართველოს მივულოცო ის გამარჯვება, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ. მინდა დღევანდელი დღე ასევე მივულოცო ჩვენს ძმებს უკრაინაში, ჩვენს ძმებს მოლდოვაში, რადგან ჩვენთან ერთად დღეს ისინიც ზეიმობენ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარლამენტს, რომ იშრომა ამისთვის; მინდა მადლობა ვუთხრა მთავრობას, რომ იბრძოლა ამ მიღწევისთვის. მათი მუშაობა ამ გზაზე ნამდვილად დასაფასებელია და უნდა დავუფასოთ კიდეც. ყველაზე დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც ყოველივე ამას მიაღწია. ქართველ ხალხთან ერთად კი მადლობას ვუხდი ჩვენს სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას, რადგან ამ გზაზე მან ძალიან სწორი მიმართულება მოგვცა. კიდევ ერთხელ მსურს გითხრათ - ძალიან მიყვარხართ, გილოცავთ. მე თქვენთან ერთად ვიქნები! მომავალი გამარჯვებებისკენ!“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.  

ევროპის მოედანზე შეკრებილებს მიმართეს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავად ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ პაატა ბურჭულაძე, ნინო სურგულაძე, ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“, ნინო ქათამაძე და სხვები.     

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველომ დღეს, 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერა ხელი. 

Add to Twitter Add to Facebook