მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ კორმანს შეხვდა. საუბრისას, მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვას შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  ინიციატივაში ჩართვის შემდეგ ახალი იმპულსი შეიძინა.

„საქართველო და მოლდოვა ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში იმ პროცესის ლიდერები გახდნენ, რომელსაც ევროპის გაფართოება ჰქვია. ეს, ჩვენი ქვეყნებისთვის ახალი გამოწვევაა. პრინციპულად  მნიშვნელოვანია ის, რომ  საქართველოსა და მოლდოვას მომავალ წელს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ. შეხვედრისას, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ, რათა მომავალ წელს  ორი სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იგორ კორმანის თქმით, ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომლებსაც, საბოლოოდ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა მოჰყვეს.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველო მოლდოვის გამოცდილებას გაიზიარებს ვიზების ლიბერალიზაციის  სამოქმედო  გეგმის მიმართულებით. ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა მეტად მნიშვნელოვანია“ -განაცხადა მან.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოლდოვის  მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის   მხარდაჭერისთვის.

Add to Twitter Add to Facebook