მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიღო, პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის ხოსე ლელოს ხელმძღვანელობით.  შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატოს დაახლოების ფორმატებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. მათ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და ყურადღება  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილეს.

გიორგი მარგველაშვილმა, საუბრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ღონეს  მიმართავს, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ალიანსს და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების  განსახორციელებლად. თავის მხრივ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წარმომადგენლებმა ამ პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს. ხოსე ლელოს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აღნიშნული იქნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენ  საანგარიშო მოხსენებაში.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობების მრჩეველი ივანე მაჭავარიანი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ესწრებოდნენ.

Add to Twitter Add to Facebook