მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში კონფერენციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში კონფერენციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში დღეს დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით - „აღმოსავლეთ პარტნიორობა ხუთი წლის შემდეგ: დრო ახალი სტრატეგიისთვის“. ქვეყნის პირველმა პირმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა, ამ მხრივ, ყურადღება ევროპარლამენტის 17 აპრილის რეზოლუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 49-ე მუხლის თანახმად, იხსნება ახალი შესაძლებლობები ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. ამავე  პუნქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული მომავალი შეუქცევადია და ამ არჩევანში მესამე სახელმწიფოთა ჩარევა დაუშვებელია.

ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ხელი შეუწყო ქვეყანაში დემოკრატიისა და პოზიტიური პროცესების განვითარებას. გიორგი მარგველაშვილმა ევროინტეგრაციის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმ პროექტებსაც შეეხო, რომელთა განხორციელება სასარგებელო იქნება მთლიანად რეგიონისთვის. მისი თქმით, საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და  აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, ქმნის საინტერესო პერსპექტივას ენერგოდერეფნისა და კომუნიკაციების თვალსაზრისით, უზრუნველყოფს ევროპისათვის ენერგოუსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას.

გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი უკარინის თემასაც შეეხო.

„ჩვენ ძლიერ გვაწუხებს უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თუმცა ზუსტად იგივე მოხდა ექვსი წლის წინათ საქართველოში. სამწუხაროდ, რუს პოლიტიკოსებს არ მიუღიათ ნათელი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის მეზობელ ქვეყნებთან კომუნიკაციის გზა და ურთიერთობის ეს ფორმატი დაუშვებელია. ამ ფაქტმა შექმნა პრეცენდენტი, რომ რუსეთს იგივე გაემეორებინა 2014 წელს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული გზა არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური, არამედ მთელი ერის კულტურული არჩევანია.

„მჯერა, რომ საქართველოს გზა ევროპული ოჯახისკენ იქნება მშვიდობიანი და სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე ევროპელ პარტნიორებს“, - აღნიშნა მან.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ევროკომისარმა შტეფან ფულემაც მიმართა. მან ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებსა და ევროპული ოჯახის გაფართოების საკითხებზე გაამახვილა. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კვლავაც ძალაშია ევროკავშირის განცხადება და  საქართველო და მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულებას მიმდინარე წლის ივნისში მოაწერენ ხელს.

დღესვე, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბომირ ზაორალეკის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.  

Add to Twitter Add to Facebook