მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში შეხვედრებს მართავს

პრაღაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შეხვდა.

ივან გაშპაროვიჩთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თემა განიხილა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისთვის. საუბრისას, ივან გაშპაროვიჩმა საქართველოს პირველი პირი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში მიიწვია.   

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება იმ პროექტებს დაუთმეს, რომლებსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებს. როგორც ლიდერებმა აღნიშნეს, თანამშომლობა უნდა გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის საკითხსაც შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის, ლიტვის, სომხეთის პრეზიდენტებთან და შვედეთის ვიცე-პრემიერთან.

მოგვიანებით, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში  მოწვეული ლიდერების პატივსაცემად  საზეიმო ვახშამი გაიმართება.

Add to Twitter Add to Facebook