მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ბოლო დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები და მათი პრევენცია იყო.ქვეყნის პირველმა პირმა სასულიერო ლიდერების მოსაზრება მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების  შესრულება. საუბარი შეეხო  ამ მხრივ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ასევე აღინიშნა, რომ ამ პრობლემას სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. სასულიერო პირების განცხადებით, საკუთარ მრევლთან ამ მიმართულებით მუშაობას გააღრმავებენ.

„ჩვენ შევხვდით საქართველოში მოღვაწე სასულიერო ლიდერებს იმ ტრაგედიებთან დაკავშრებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა. ერთმანეთს გავუზიარეთ ის ტკივილი, რომელიც ყველას ერთად გვაწუხებს და გადავწყვიტეთ, რომ, უპირველესად, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, უფრო გრძელვადიანი. იყო ასეთი იდეაც, რომელსაც მე მხარი დავუჭირე, რომ 2015 წელი გამოცხადდეს ქალის წლად და ამ ძალიან დიდ პრობლემას ერთობლივად დავუპირისპირდეთ. ერთი მხრივ, ჩემს რიტორიკაში ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ  ამ პრობლემას. მეორე მხრივ, თავის ქადაგებებში ყველა სარწმუნოება გაააქტიურებს ამ საკითხს. მესამე - ჩვენი შეხვედრა დავიწყეთ იმით, რომ ჩვენ ავიღეთ ის წილი პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს სახელმწიფოს. თუმცა, გავიაზრეთ ისიც, რომ მარტო სახელმწიფო ამას ვერ დაძლევს და საჭიროა ერთად დგომა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრას პირველი ლედი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.

„ძალიან რთულია ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა, რადგან აქ ძალიან მძიმე მკვლელობებზეა ლაპარაკი - ქალის მკვლელობა მეუღლის მხრიდან. ვფიქრობ ამ საკითხს ფსიქოლოგიური და სოციალური დატვირთვა აქვს და ამას ცალკე განხილვა და რეაგირება სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია დომინირებდეს რელიგიური თემა. ამიტომ გაიმართა დღეს შეხვედრა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან. მოვისმინეთ სხვადასხვა მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც კონკრეტიკაში უნდა მოვიდეს. ამაზე უფრო სერიოზული ფიქრია საჭირო და მხოლოდ აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია საკმარისი არ არის“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

Add to Twitter Add to Facebook