მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში პრაღაში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში პრაღაში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პირველი პირი აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის ფარგლებში ფორუმში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. სლოვაკეთის, აზერბაიჯანისა და ჩეხეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი შვედეთის სამეფოს, ლიტვისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაციათა ხელმძღვანელებს შეხვდა.

შვედეთის ვიცე-პრემიერთან იან ბოირკლუნდთან შეხვედრისას  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განიხილეს და აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მედიის თავისუფლებისა და დინამიკური და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იან ბოირკლუნდს და აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფო, როგორც აღმოსვლეთ პარტნიორობის თანაავტორი, განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის ოფიციალური წარმომადგენლები როგორც ორმხრივი, ისე საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, საჯაროდ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრა ასევე ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთანაც გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობას. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პირველ პირს სერჟ სარგსიანს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და მომავალი ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სომხეთს შორის დელეგაციების ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა და მის შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებზე შეთანხმდნენ.

გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ფორუმში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართულ საზეიმო კონცერსტსაც დაესწრება. 

Add to Twitter Add to Facebook