მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სამხედროების საბაზისო სპეციალურ მომზადებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სამხედროების საბაზისო სპეციალურ მომზადებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინე იმერლიშვილთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური დანიშნულების დანაყოფისთვის შერჩეული სამხედროების საბაზისო სპეციალური მომზადების პირველ ეტაპს დაესწრო.

ჯარების უმაღლეს მთავარსარდალს სწავლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირადად გააცნო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სასწავლო კლასები და ობიექტები დაათვალიერა.

ქვეყნის პირველი პირი საჩვენებელ წვრთნასაც დაესწრო, რომელიც დავალების დაგეგმვა-პროცედურებს, აერომობილური მომზადებისა და მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკის შესწავლას მოიცავს. წვრთნაში 50-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.  

გიორგი მარგველაშვილი კმაყოფილი დარჩა ქართველი ჯარისკაცების მომზადების ხარისხით და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სამხედრო ინტელექტითა და ტაქტიკური უნარების საფუძვლიანი ცოდნით.

„ჩვენ დღეს ვესწრებით სწავლებას, რომელიც რეგულარული პროცესია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ხშირად რაოდენობრივად ბევრად მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ აღმოჩენილან, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, მთლიანობასა და სიძლიერეს ყოველთვის საკუთარი ინტელექტისა და გამჭრიახობის წყალობით ინარჩუნებდნენ. დღესაც, ჩვენ ვხედავთ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც არა მხოლოდ მექანიკურად სწავლობენ საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას, არამედ ძალიან ღმა ინტელექტუალურ  კურსს გადიან. პირადად დავესწარი სწავლების პროცესს და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენი ჯარისკაცების წარმატებამ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სწავლება ასევე ითვალისწინებს სპეციალურ მომზადებას სტრესულ და რთულ კლიმატურ პირობებში, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეები მომზადების შემდეგ ეტაპზე გადავლენ, ხოლო შემდეგ სპეციალური დანიშნულების ძალების შესაბამის პოზიციებზე დაინიშნებიან.

მსგავსი წვრთნები მომავალშიც გაგრძელდება. 

 

Add to Twitter Add to Facebook