მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: სასამართლო სისტემის სტაბილურობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოებ

საქართველოს პრეზიდენტი: სასამართლო სისტემის სტაბილურობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მდგრადობას

პატივცემულო თავმჯდომარევ, პატივცემულო მოსამართლეებო, თქვენო აღმატებულება ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო!
ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე იმ ადგილზე, სადაც ჩვენი წინაპრების, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების მართლმსაჯულება სრულდებოდა. სწორედ აქ შემოსვლამდე ვსაუბრობდით იმ ისტორიულ ფიგურებზე და მათთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომელთაგან ზოგი ცხოვრების პერიპეტიებმა მოიყვანა აქ და ზოგი კი მიმართ  ჩადენილი დანაშაულების გამო აღმოჩნდა.
ეს არის ის ადგილი, სადაც საქართველოს ისტორიის გარკვეული ნაწილი იქმნებოდა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს შენობა არის ქართულ-პოლონური ურთიერთობის ნაწილი, იმ ერთან ურთიერთობის ნაწილი, რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს და დიდი პერსპექტივაც გვაქვს.
პატივცემულო საზოგადოებავ, ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო შედგება სამი ძირითადი კოლონისგან, რომელსაც ეფუძნება მთელი სისტემა. სასამართლო სისტემა ამ სამ შემადგენელს შორის, ვფიქრობ, უმთავრესია.
ჩვენ, მოქალაქეები, როდესაც ვეძებთ სამართალს, დაცვას ძლიერთაგან ამა ქვეყნისა, როდესაც მიგვაჩნია, რომ დაჩაგრული ვართ, ბოლო ინსტანციად სასამართლოს განვიხილავთ.
ეს არის ადგილი, ყველაფერი, მათ შორის გარკვეული შეცდომის გამოსწორება ხდება.
ამ დარბაზებში მოსამართლეს აღვიქვამთ ჭეშმარიტების მატარებლად, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით ბევრ შეცდომას გაასწორებს.
არც ერთ პოლიტიკოსს ჩვენ ასე არ აღვიქვამთ - პოლიტიკოსებს ვირჩევთ მათი შეხედულებების მიხედვით და ვიცით, რომ მათ აქვთ სხვადასხვა აზრი ან მოსაზრება, ვფიქრობთ, რომ მათ სწორი პოზიცია აქვთ, მაგრამ არ მიგვაჩნია ჭეშმარიტების სიმბოლოდ.
მოსამართლის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა - მას ვუყურებთ, როგორც უზენაესი ჭეშმარიტების საჭეთმპყრობელს.
სწორედ ამიტომ, ჩვენს პოლიტიკურ სისტემებში იცვლება პარლამენტები, იცვლებიან  მინისტრები, იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოში ინარჩუნებს სტაბილურობას, არის სასამართლო სისტემა.
თუ შევხედავთ სახელმწიფო სისტემას, ნათლად დავინახავთ, რომ ხელისუფლებაში, შესაძლოა, ვითარებამ მოიყვანოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, შესაძლებელია, მოვიდნენ ესა თუ ის მმართველები, მაგრამ ის, რაც შეინარჩუნებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ძირითად ფასეულობებს, სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში, არის სწორედ ის სისტემა, რომელიც არათუ არ იცვლება, არამედ ბევრად უფრო სტაბილურია და განაპირობებს ქვეყნის მდგრადობას.
თუკი მოქალაქეს აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანაში არის ინსტიტუტი, რომელშიც პირუთვნელად აღსრულდება სამართალი, რომელიც მიიღებს იმ მთავარ გადაწყვეტილებებს და იმ მთავარი შეთანხმებების ერთგული იქნება, რომელთა გამოც სახელმწიფო და საზოგადოება ვართ, საზოგადოებაც სტაბილურია და პოლიტიკური სისტემაც.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სასამართლო სისტემის სტაბილურობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მდგრადობას.
ქართულ სასამართლო სისტემას, რომელიც დღეს მოკლედ მიმოვიხილეთ ამ შენობის ისტორიის ფონზე, ბუნებრივია, ჰყავდა, ჰყავს და კვლავაც ეყოლება განსაკუთრებული მოსამართლეები, განსაკუთრებული პიროვნებები, რომლებიც ქმნიდნენ ამ სისტემისა და ჩვენი ერის ისტორიას.
ამავე დროს, ეს 120-წლიანი ისტორია არის დაპყრობილი ქვეყნის ისტორია; ისტორია ქვეყნისა, რომელიც თავისი ერის, თავისი საზოგადოების სამართლის აღსრულებას ნაკლებად, ნაწილობრივ თუ ახერხებდა.  
ამიტომაც თანამედროვე, თავისუფალი, სუვერენული საქართველოს მთავარი მიზანი არის შექმნას ლოდი-საკიდური, რომელსაც დაეყრდნობა ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება, რათა შექმნას არა მარტო განსაკუთრებული ინდივიდების კრებული, არამედ შექმნას ეპოქა, რომელშიც სასამართლო იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი.
სასამართლო უნდა ასტაბილურებდეს მოძრავ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ემოციებს, პოლიტიკურ ვნებათაღელვას და საზოგადოებას მისცეს მთავარი - სტაბილურობისა და იმის  განცდა, რომ სახელმწიფო იმართება კანონებით, რომელთა წინაშეც ყველა თანასწორი ვართ. 
როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, ჩვენ აქტიურად ვართ და ვიქნებით ჩაბმული ასეთი ძლიერი, მიუკერძოებელი სასამართლოს ფორმირების პროცესში.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მომავალი და მისი სასამართლოს მომავალი, ისევე როგორც ამ შენობის მომავალი, არის კიდევ უფრო გაუმჯობესება, ტექნოლოგიური დახვეწა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, სამართლიანობის განცდის გაღრმავება.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დღეს.
Add to Twitter Add to Facebook