მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საერთაშორისო ფორუმი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ფორუმის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების არსსაც შეეხო. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიო მასშტაბის თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის და ყურადღება თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ  მნიშვნელოვან რეფორმებზეც გაამახვილა.

„ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში ცხადყოფს ჩვენს შემართებას და პასუხისმგებლობას გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი გახლავთ ის, რომ ჩვენ ვეძებთ მეგობრებს და არა მტრებს. ჩვენ მტკიცედ გვწამს ჩვენი ევროპელი პარტნიორების“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს, ხოლო მთავრობას უფრო პასუხისმგებელსა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებულს გახდის.

„მტკიცედ მწამს, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც რამდენიმე საათში მოეწერება ხელი, იქნება დასაწყისი ახალი პროცესისა, რომელიც გაცხადებულია ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მთელი ერის მიერ. ასოცირების ხელშეკრულება არის ახალი ნაბიჯი ევროკავშირის სრულ წევრობამდე, ჩვენ გამოვიყენებთ ამ სარგებელს, როგორც განაცხადს ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრებლად“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა მისი თქმით, პასუხისმგებლობა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობისათვის ყველამ უნდა გაიზიაროს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება 2008 წლის კონფლიქტზეც გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი საფუძვლიანად გაანალიზებული არ არის: „მინდა განვაცხადო, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა 2008 წელს, არ შესრულდა. საერთაშორისო საზოგადოებამ, ყოველმა ჩვენგანმა, ისინი ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი - საქართველოში ეს არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი - ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი იმ ხელშეკრულების ჩარჩოში, რომელიც 2008 წლის აგვისტოში გაფორმდა. შესაბამისად, ნაწილი პასუხისმგებლობისა იმისათვის, რაც მოხდა ყირიმში, ჩვენს მხრებზეა, ვინაიდან ერთიანობას ვერ მივაღწიეთ. დღეს მტკიცედ ვაცხადებთ, რომ უკრაინის პრობლემების გადაწყვეტის საქმეში ჩვენ ვიქნებით ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც დიპლომატიური კორპუსის, ისე  ეროვნული უსაფრთხოების სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საერთაშორისო ფორუმი ბათუმში სამ დღეს გასტანს. 

Add to Twitter Add to Facebook