მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ატოცში ადგილობრივებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ატოცში ადგილობრივებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად, დღეს შიდა ქართლში, სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც რუსულმა მხარემ დილიდან მავთულხლართების გავლება განაახლა. გიორგი მარგველაშვილი ატოცის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებული პრობლემების თაობაზე თავად ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოისმინა. ქვეყნის პირველმა პირმა, უპირველესად, თითოეული მათგანი გაამხნევა და მათ მოთმენისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

"უპირველეს ყოვლისა, დღეს აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ სადაც გვიჭირს სწორედ იქ დავუდგეთ ერთმანეთს მხარში. არ ყოფილა შემთხვევა, რომ გვერდით დგომით, ერთმანეთი ბოლომდე არ გაგვეტანოს. ყოფილა დროებითი დათმობები, მაგრამ მინდა შეგაგულიანოთ - არაფერი არ ხდება, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული მეგობრები, რომლებიც მხარში გვიდგანან. ამ მეგობრებთან ერთად, ნათლად არის დასახული ის გზა, რომლითაც საბოლოო მიზნამდე უნდა მივიდეთ. უწინარესად, ხელისუფლება შეგიმსუბუქებთ იმ დარტყმას, რომელიც დღეს თქვენ მოგადგათ. რამდენადაც არ უნდა გადიოდეს ეს მავთულხლართი თითოეულის სულსა თუ სხეულზე, ჩვენ ჩვენს ოს ძმებთან ურთიერთობებს დავეყრდნობით... თქვენ იცით, რომ ჩვენი დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი არის სტრატეგიული სიმშვიდე. ეს ასეც გაგრძელდება და სიკეთით და მოთმენის ამ პოლიტიკით ძალიან მალე გავიმარჯვებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მავთულხლართებს მხოლოდ ერთი დანიშნულება - ადამიანებს შორის კედლის აღმართვა აქვს. მისი შეფასებით, ეს არის დანაშაული და საერთაშორისო სამართლის ყველა ფუძემდებლური ნორმის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.როგორც მან აღნიშნა, არსებულ ვითარებაში გონივრული მოქმედებაა აუცილებელი და არც მოსახლეობა და არც ხელისუფლება პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს.

"ამ პროცესს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც კონფლიქტის კონსერვაციის მცდელობას. შეფასება მინდა მივცე მავთულხლართების გავლების საკითხს. არავითარი სტრატეგიული დანიშნულება ამ მავრთულხლართებს არ აქვს. ეს არის გავლებული იმისთვის, რომ ამ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება. ცხინვალის რეგიონში ჩვენს მოძმეებს უნდათ ჩვენთან ურთიერთობა და იწყებოდა კიდეც პიროვნული ურთიერთობების აღდგენა. მავთულხლართების ორივე მხარეს მრავლადაა შერეული ოჯახები და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. სწორედ ამის წინააღმდეგაა ეს მავთულხლართები აღმართული... ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა - ეს არის გაეროს ფუძემდებლური დოკუმენტების დარღვევა, ეუთოს ჰელსინკის ხელშეკრულების სულისკვეთებისა და იქ გამოხატული პოზიციების დარღვევა. მე სპეციალურად, ხაზგასმით მივანიშნებ იმ დოკუმენტებს, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს მოწერილი ხელი. შესაბამისად, ყველა მაღალი დონის ფორუმზე ჩვენ სწორედ ამ პოზიციის გამოვლენით ვიწყებთ", - აღნიშნა მან.

ატოცის მოსახლეობასთან შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა იმ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელება ადგილობრივებს, შექმნილ სიტუაციაში, ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს ყოფას. სოფლის მცხოვრებლები საქართველოს პრეზიდენტს გზის დაგების, ამბულატორიის გახსნისა და სხვა სოციალური დახმარებების საკითხებზე ესაუბრნენ. მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯებისა თუ განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტების შესახებ, ქვეყნის პირველ პირს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ადგილობრივებთან შეხვედრის დროს მიაწოდა. 

Add to Twitter Add to Facebook