მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: უნივერსიტეტი არის ის ბურჯი, რომელზეც იგება ქვეყნის  მომავალი და  ი

საქართველოს პრეზიდენტი: უნივერსიტეტი არის ის ბურჯი, რომელზეც იგება ქვეყნის  მომავალი და  ინტელექტუალური პოტენციალი

ჩემთვის დიდი პატივია იმ სასწავლებელში დაბრუნება, რომელმაც აღმზარდა; დაბრუნება, შესაძლოა, ახალი ფორმით - არა როგორც სტუდენტის ან პროფესორის, არამედ როგორც ადამიანის, რომელსაც კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს  უნივერსიტეტს ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის.

მინდა გითხრათ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა -  როდესაც ვიყურებით მომავლისკენ, იმ მიზნებისკენ, რომლებიც აქვს ნებისმიერ ქვეყანას და განსაკუთრებით საქართველოს, რეალურად, უნივერსიტეტი არის ის ბურჯი, რომელზეც იგება ქვეყნის  მომავალი და  ინტელექტუალური პოტენციალი.

ამ ინტელექტუალური პოტენციალის წინაშე დგას უაღრესად რთული ამოცანა - ერთი მხრივ, განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა, წინ წაწიოს საზოგადოება და მოახდინოს მისი ინტეგრაცია იმ საერთშორისო პროცესებში, რომლებშიც ჩაბმულია ჩვენი ქვეყანა, ხოლო, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს ის ინდივიდუალიზმი, უნიკალურობა და განსაკუთრებულობა, რომლითაც გამოირჩევა ჩვენი ერი.

აქ, უნივერსიტეტში ხდება ამ ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების სინთეზი - განსაზღვრო საკუთარი ინდივიდუალურობა და უნიკალურობა, მოუფრთხილდე მას და გადასცე მომავალ თაობებს და ამავე დროს, ინტეგრირდე თანამედროვე სამყაროსთან და ღირსეულად წარმოადგინო საკუთარი ქვეყანა თანამედროვე ერთა ოჯახში.

სახელმწიფო ყოველთვის იმედოვნებს, რომ სწორედ აქ ჩამოყალიბდება და განვითარდება ახალი მოდელი, სწორედ აქ გაეცემა პასუხი იმ უმნიშვნელოვანეს შეკითხვებს, რომლებიც  მთელი ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი   ურთიერთობა მუდმივი თანამშრომლობის ფორმატში მოვაქციოთ.

სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მემორანდუმი და მისი პირველი ეტაპი, რომელიც ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაარსებას ითვალისწინებს.

ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ნიშანდობლივია რამდენიმე თვალსაზრისით.

ზვიად გამსახურდია იყო სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი. იგი მუშაობდა იმ სფეროში,  რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის განსასაზღვრად, გადასარჩენად და განსავითარებლად. ენათმეცნიერება არის განსაკუთრებული მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ერის სულიერ და მენტალურ სხეულს, უნახავს და გადასცემს მას მომავალ თაობებს. 

უმნიშვნელოვანესია ენათმეცნიერება იყენებდეს თანამედროვე მეთოდებს და, ამავე დროს, სწავლობდეს იმ არქაულს, ძველსა და დღევანდელს, რაც ჩვენი განვითარების საფუძველია.

კიდევ ერთხელ მსურს მადლიერებით მოგმართოთ იმისთვის, რაც ამ კედლებში კეთდება დღეს და გაკეთდება მომავალში.

ბუნებრივია, აქ შესრულებული სამუშაო ემსახურება გლობალურს, მაგრამ, ამავე დროს, ავითარებს და მომავალს უქმნის იმას, რაც ჩვენს უნიკალურობას გამოხატავს, აქედან გამომდინარე კი აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს.

იმ გამოწვევების პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, ჩვენი სახელმწიფოს რესურსი სწორედ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტელექტია.

იმ უნარებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე საუბრისას, რომლებიც მეზობლებთან თუ გლობალურ პროცესებთან მიმართებით გვაქვს, ჩვენ ვეყრდნობით ჩვენი ერის ინდივიდუალურ და საოცარ ნიჭიერებას, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება და რასაც ამ კედლებში ემსახურებიან.  

კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ შეკრებისთვის, მხარდაჭერისა და ჩვენი  მომავალი თანამშრომლობისათვის. 

Add to Twitter Add to Facebook