მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა

დღეს გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად ურეკში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა, რომელიც საგანგებოდ მაგნიტური ქვიშის მახლობლად იაპონიის საელჩოს მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით აშენდა. ქვეყნის პირველ პირთან ერთად ცენტრში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა და ტოშიო კაიტანიმ შენობა დაათვალიერეს, ცენტრის მესვეურებს გაესაუბრნენ და იქ მყოფ ახალგაზრდებს შეხვდნენ. ქვეყნის პირველმა პირმა მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ცენტრის ფუნქციონირების თაობაზე და იმ პროექტებით დაინტერესდა, რომელთა განხორციელებას გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია გეგმავს. გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩვენ ჩამოვედით ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც იაპონიის დახმარების საფუძველზე აშენდა. იაპონიის მთავრობა უაღრესად აქტიურია ამ მიმართულებით. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იაპონიის ელჩს საქართველოში, ბატონ კაიტანის იმ საქმიანობისთვის, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების თვალსაზრისით საელჩო ეწევა აქ, ურეკში და ოზურგეთში. საქართველოში ყველამ კარგად ვიცით, რომ ურეკს აქვს უნიკალური პოტენციალი და ამ პოტენციალს ჭირდება ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც, თავის მხრივ, განავითარებს როგორც სარეაბილიტაციო სისტემას, ისე ქვეყნის ეკონომიკას. დიდ მადლბას ვუხდით ჩვენს იაპონელ მეგობრებს და მივესალმებით ბავშვებს, რომლებიც ამ მშვენიერ ადგილზე იმყოფებიან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. იქ მყოფებს ტოშიო კაიტანიც მიესალმა და შეკრებილებს ქართულად მიმართა. "როგორც იაპონიის ელჩი საქართველში მოხარული ვარ, რომ დღეს პრეზიდენტთან ერთად ვესტურე ამ სარეაბილიტაციო ცენტრს და შეგხვდით თქვენ. თქვენ არაჩვეულებრივი პრეზიდენტი გყავთ, რადგან ის ჩამოვიდა ამ რეგიონში, კერძოდ კი, ურეკში, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო არსებულ მდგომარეობას და ძალისხმევას არ იშურებს თქვენი კეთილდღეობისთვის. გვეამაყება, რომ იაპონიამ მოახერხა ამ ცენტრის აშენება. მთელი გულით ვუსურვებთ პრეზიდენტს და ყველას შემდგომ წარმატებას", - აღნიშნა ტოშიო კაიტანიმ. ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრი გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის ინიციატივით 2012-2013 წლებში აშენდა და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებასთან ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესის განვითარებას. სარეაბილიტაციო ცენტრი ერთდროულად ემსახურება 45 ადამიანს, ხოლო საკურორტო სეზონზე მაგნიტური ქვიშის ზემოქმედებით საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 400-მდე პირს, მათ შორის, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასაც აქვს ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ასოციაციისა და ცენტრის ხელმძღვანელობა ტერიტორიის გაფართოებასაც გეგმავს, რომელზეც სამკურნალო აბაზანები, საცურაო აუზები და სპორტულ- გამაჯანსაღებელი დარბაზი აშენდება.

                                                                                                                                                                                     

Add to Twitter Add to Facebook