მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი უსინათლოთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი უსინათლოთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა  და სურვილი გამოთქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „უსინათლოთა კავშირთან“ ითანამშრომლოს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ბევრი რამ გაკეთდა არა მარტო უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, არამედ, ზოგადად, სოციალური პროექტების თვალსაზრისით.

პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზადაა მომავალი წლიდან უსინათლოთა კავშირთან ერთად განახორციელოს ის პროექტები, რომლებიც ორგანიზაციის ინტერსებს შეესაბამება. ქვეყნის პირველი პირისთვის საინტერესო იყო ის ინფორმაციაც, რომელიც უსინათლოთა კავშირის ბაზას უკავშირდება და აღწერილია ამ ადამიანთა უნარები და დასაქმების შესაძლებლობები.

"ასეთი ბაზით დავინტერესდებით ადმინისტრაციაშიც. თუკი არის შესაძლებელი, რომ ვაკანსიები, რომლებიც თანხვედრაშია თქვენი ბაზის ადამიანთა უნარებთან ან მათ სამუშაო ინტერესებთან, შეგვიძლია დავიწყოთ კონკრეტული თანამშრომლობა. ბუნებრივია, ეს არ იქნება აუცილებლად დაკავშირებული უსინათლოთა კავშირთან ან ამ პრობლემატიკასთან, შესაძლოა, ეს იყოს სრულიად სხვა თემა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ღონისძიება უსინათლოთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობას საქართველოს უსინათლოთა კავშირის ვაჟთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „კრწანისი“ და ქალთა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი „ნანა,“  გოგონათა კვარტეტი „ედელვაისი,“  ასევე უსინათლო პოეტები მონაწილეობდნენ.  

"ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს და პირადად მე ძალას არ დავიშურებ. ბევრი რამ მათზე არ ვიცი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ჩავერთვები და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

უსინათლოთა საერთაშორისო დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 1984 წლის 13 ნოემბრიდან  აღინიშნება და უკავშირდება ცნობილი ფრანგი პედაგოგის ვალენტინ ჰაუის დაბადების დღეს. მე-18 საუკუნემდე მსოფლიოში უსინათლოთათვის სასწავლო დაწესებულებები არ არსებობდა და ვალენტინ ჰაუიმ დაარსა სკოლა ბავშვებისთვის, სადაც მის მიერვე გამოგონილი სპეციალური შრიფტით ასწავლიდა. 

Add to Twitter Add to Facebook