მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში საზეიმო მიღებას დაესწრო

დღეს,  საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში, კომპლექს „გვირაბში“,  UNESCO-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღებას დაესწრო.  ღონისძიება ქვეყნის პირველმა პირმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ეს მოვლენა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა და განაცხადა:   „ამით ხაზგასმით აღინიშნა ის, რომ ქართველ ერს ცოცხალი ისტორია აქვს და მას ვერც ერთი მომხდური ვერ აჩერებდა და ვერც გააჩერებს“.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა დღეს იმ წვლილს აღნიშნავს, რომელიც ქართველებს მსოფლიო ცივილიზაციაში  შეაქვთ. მისივე შეფასებით: "ეს არის ის იდენტობა, რომლითაც ვამაყობთ, რომლითაც შევდივართ ევროპაში და რომლითაც ვამდიდრებთ მსოფლიო ცივილიზაციას".

მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილმა კომპლექს „გვირაბში“ ქართული ქვევრის ღვინოც დააჭაშნიკა. ასევე ძველი წელთაღრიცხვის ქართული ღვინის მასალის ჭურჭლების გამოფენა დაათვალიერა და არქივში დაცულ ისტორიულ ფოტომასალას გაეცნო.

ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „მეღვინეობა ხარებას“ მიერ იყო ორგანიზებული. მიღებას ესწრებოდნენ ხელისუფლების,  ბიზნეს -სექტორის  და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ღვინის მწარმოებელი კომპანიებიდან მოწვეული სტუმრები.

Add to Twitter Add to Facebook