მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზ კოლეგას გავლითი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზ კოლეგას გავლითი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა

 
 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ გავლითი ვიზიტის ფარგლებში ბიშკეკში ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდა. ლიდერებმა იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს და საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს და ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს. საუბარი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელი და მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ გაფორმება. გიორგი მარგველაშვილმა და ალმაზბეკ ატამბაევმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ყირგიზ კოლეგას გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისათვის. გიორგი მარგველაშვილმა ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოში მოიწვია და ყირგიზეთის პრეზიდენტისგან თანხმობაც მიიღო. საქართველოს პრეზიდენტს ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტში „მანას - 2“ ყირგიზი კოლეგა საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ყირგიზეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ვახშამით გაუმასპინძლდა. საქართველოს პრეზიდენტს ყირგიზეთის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყირგიზეთსა და ყაზახეთის რესპუბლიკებში ზურაბ პატარაძეც დახვდა.
 
Add to Twitter Add to Facebook