მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ჩეხ კოლეგას შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი ჩეხ კოლეგას შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჩეხ კოლეგას შეხვდა. გიორგი მარგველაშვილისა და  მილოშ ზემანის საუბარი, ძირითადად, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის მიმდინარეობასა და იმ ნაბიჯებს შეეხო, რომლებიც ქვეყანამ ამ გზაზე გადადგა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ცალსახად უჭერს  მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ევროსტრუქტურებსა თუ ნატოში ინტეგრაციის პროცესს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის პრაქტიკული გამოცდილება საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მალე ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

ლიდერებმა ყურადღება ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა პოლიტიკურ-ეკონომიკური, განათლების, სოფლის მეურნეობისა თუ უსაფრთხოების მიმართულებით უნდა განვითარდეს. მხარეებმა რეგიონალური თემებიც განიხილეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას, საუბარი უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.

Add to Twitter Add to Facebook