მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ არ ვივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლითა და თავგანწირვ

საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ არ ვივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლითა და თავგანწირვით შეძლეს მაღალი იდეალის - თავისუფლების დაცვა

მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ.

დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელშიც ერთდროულად არის გაერთიანებული სიამაყე, სიხარული, დღესასწაული და, ამავე დროს, სიმძიმე - იმ ადამიანების გლოვა, რომლებმაც ამ აღტაცების მოსატანად საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.  

ქართულ ისტორიაში 9 აპრილი სიამაყის ერთადერთი დღე არ არის - ჩვენი წარსული სავსეა ასეთი გამარჯვებებით, სულის გამარჯვებებით, ხშირად, შესაძლოა, ბევრად უფრო  ძლიერ მტერზე, მაგრამ გამარჯვებით თავისუფლების მოყვარული სულისა, რომელიც მუდმივად აძლიერებდა ჩვენს ქვეყანას, აძლევდა შესაძლებლობას მომავალში მყარად გადაედგა ნაბიჯი.

თითოეული თქვენგანისთვის, მათთვის, ვინც ახლა ამ დარბაზში მრძანდებით, ბუნებრივია, ეს გრძნობები ათმაგად მძაფრია, რადგან დაკარგეთ თქვენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები.

განსაკუთრებულ მადლობას გიხდით და განსაკუთრებით მოგმართავთ თქვენ, იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახებმაც იტვირთეს ჩვენი დღევანდელი გამარჯვებისა და სიამაყის ტვირთი.

სწორედ ამიტომ გვსურს დღეს განსაკუთრებულად გავიხსენოთ იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც სიცოცხლე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იდეალს - თავისუფლების იდეას შესწირეს.

დღეს უკვე ბევრი წლის შემდეგ, გარდაცვალების შემდეგ ვაჯილდოებთ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს ამ იდეის გარშემო იყვნენ გაერთიანებული და ამ მაღალი იდეალის ირგვლივ გააერთიანეს მთელი ერი.

ბუნებრივია, პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება - ჩვენი ბოლო პერიოდის ისტორია სავსეა პერიპეტიებით, შეცდომებით, ერთმანეთთან დაპირისპირებით, მაგრამ ერის მთლიანობისა და ერთიანობის მომენტები.

ეს ერთიანობა ყოველთვის არის ძალიან ამაღლებულის, მნიშვნელოვანის, მარადიულის ირგვლივ, ასეთი ფასეულობა არის თავისუფლება.  

დღეს სწორედ ამ თავისუფლებას ვზეიმობთ, ბუნებრივია, თქვენთან ერთად.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სიკვდილის შემდეგ დავაჯილდოვოთ თქვენი ოჯახის წევრები და აღვნიშნოთ არა მხოლოდ მათი ღვაწლი, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ, როგორც აწმყოს, ისე მომავალს, რომ ჩვენ არ ვივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლითა და თავგანწირვით შეძლეს ამ მაღალი იდეალის - თავისუფლების დაცვა და თავისუფლება მოუტანეს საკუთარ თანამემამულეებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას გიხდით ასეთი შვილებისთვის, დებისთვის, ძმებისთვის და მეუღლეებისთვის.

ჩვენ კიდევ ერთხელ უკვდავვყოფთ მათ სახელებს.  

Add to Twitter Add to Facebook