მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი დღეს წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა და კომპლექსში არსებულ პირობებსა და ინფრასტრუქტურას პირადად გაეცნო. გიორგი მარგველაშვილი იქ მყოფ სამხედროებს გაესაუბრა, თითოეულ მათგანს პორტატული კომპიუტერი გადასცა და მათთან ერთად ისადილა. სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებმა კი საჩუქრები თავდაცვის სამინისტროს სახელით მიიღეს.  

ამჟამად, რეაბილიტაციის კურსს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული 10 სამხედრო მოსამსახურე გადის, რომლებიც წეროვანში ოჯახებთან ერთად იმყოფებიან. კომპლექსში, რომელშიც ორი შენობაა კეთილმოწყობილი, დაშავებული ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენების კომფორტული პირობებია შექმნილი. სამხედროები, ოჯახის წევრებთან ერთად, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. 

შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი მასპინძლობდნენ.

რეაბილიტაციის ცენტრი წეროვანის პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ გადაეცა. ცენტრმა ფუნქციონირება 9 იანვარს დაიწყო და ამჟამად, უკვე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მესამე ნაკადს მასპინძლობს. ცენტრში რეაბილიტაციისა და დასვენების კურსი უკვე 17-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. პროცესი პერმანენტული ხასიათისაა და  ყველა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრზე გავრცელდება. 

Add to Twitter Add to Facebook