მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი პირველი ლედისთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

“ეს ძალზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩემი უახლოესი მეგობრის წამოწყებას ვაგრძელებთ. ის, რასაც დღეს ვზეიმობთ, ზურაბ ჟვანიამ დაიწყო მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება გადართული იყო გაჭირვებაზე, სიდუხჭირზე, პოლიტიკურ საკითხებზე. ზურამ მაშინ ძალიან ნათლად განსაზღვრა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შემოქმედება, მეცნიერება, აზროვნება, ყოველივე ეს კი ახალგაზრდების გასაკეთებელი და მათი შესაქმნელია“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

პროექტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება. საკონკურსო ეტაპზე 24 ნომინანტი დასახელდა, ხოლო დღეს მათგან რვა გამარჯვებული გამოვლინდა.

პრემია ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. წელს კი პროექტი ზურაბ ჟვანიას ფონდის ინიციატივით აღდგა. პრემია ენიჭება ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებისათვის და ემსახურება მათ წახალისებასა და საზოგადოებისათვის თანამედროვე ნამუშევრების წარდგენას. "წინანდლის პრემია" გადაეცემა 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროებში.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი.

Add to Twitter Add to Facebook