მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი BSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი BSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ვიქტორ ტვირჩუნს შეხვდა.შეხვედრის მთავარი თემა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა შორის ძლიერი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების დამყარების საკითხი იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის გაძლიერება ერთობლივი პროექტების გზით, რაც წარმოადგენს ყველა წევრი სახელმწიფოს წამყვან ინტერესს  BSEC-ის ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდის მიმართულებით. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ ინიციატივას, რომელიც წვლილს შეიტანს შავი ზღვის რეგიონის განვითარებაში.

 მოგვიანებით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად BSEC-ისა და საქართველოს, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის ურთიერთობისა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს: „საქართველო წარმოადგენს ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრს. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ გვაქვს საერთო ხედვა არსებული და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებით,“ - განაცხადა ვიქტორ ტვირჩუნმა.   

Add to Twitter Add to Facebook