მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: „თქვენი მშვიდობიანი დაბრუნება და წარმატებული სამსახური წაადგება ჩვენს

საქართველოს პრეზიდენტი: „თქვენი მშვიდობიანი დაბრუნება და წარმატებული სამსახური წაადგება ჩვენს ქვეყანას და უკეთეს მომავალს შეუქმნის მთელ მსოფლიოს“

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაციაში მონაწილე ასეულის გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს სიტყვით მიმართა, ღირსეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და მისიის დასრულების შემდეგ მშვიდობით დაბრუნება უსურვა. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ქართველი ჯარისკაცების თავდადებასა და შეუპოვრობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჩვენი შეიარაღებული  ძალების მზადყოფნა - მონაწილეობა მიიღონ როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში - საქართველოს ევროპული მომავლის, განვითარებისა და წინსვლის საწინდარია. სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

"დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა. თქვენ იქ მიდიხართ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან მაღლა აწიოთ და საერთაშორისო ასპარეზზე ააფრიალოთ დროშა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეს, პასუხისმგებლობას და მხედრულ ღირსებას წარმოადგენს. თქვენ ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ. ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენი და თქვენი თანამებრძოლების  გმირობითა და თავდადებით, რომელიც ავღანეთში, ISAF-ის მისიის დროს გამოიჩინეთ. ყველანი ვამაყობთ იმ ნაბიჯებით, რომლებიც აქამდე გადაგიდგამთ, ახლა უკვე ვიამაყებთ იმით, რასაც ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკისთვის გააკეთებთ... თქვენი წინაპრების გმირობის საფუძველზე, უძლიერესი იმპერიებით გარშემორტყმული ჩვენი ქვეყანა არასდროს დაცემულა. თქვენი წინაპრების გმირობის საფუძველზე იწერებოდა "ვეფხისტყაოსანი", შენდებოდა გელათი, სამთავისი, იხვეწებოდა ქართული დამწერლობა, სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ინარჩუნებდა. დღეს ეს მთლიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა დასაცავი. დღეს, რასაც ვაკეთებთ ავღანეთში და გავაკეთებთ აფრიკაში, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, განამტკიცებს მის  ავტორიტეტს... გაცილებთ რა მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად, იცოდეთ, რომ თქვენი მშვიდობიანი დაბრუნება და წარმატებული სამსახური წაადგება ჩვენს ქვეყანას და უკეთეს მომავალს შეუქმნის მთელ მსოფლიოს. თქვენ გელიან არა მხოლოდ თქვენი ოჯახები, არამედ მთელი საქართველო. მადლობა უკვე გაწეული სამსახურისთვის და მადლობა იმ გმირობისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ინარჩუნებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, შეინარჩუნებს მომავალშიც, გახდის აბსოლუტურად მტკიცეს და ორიენტირებულს - იყოს თანამედროვე მსოფლიოს პასუხისმგებლიანი და ძლიერი წევრი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქართულ ასეულს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რენო სალინსმა.  

ქართველი სამხედროების გაცილების საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და სამხედრო ატაშეები.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში პირველად ერთვება. ქართული ასეული ცენტრალურ აფრიკაში 6-თვით მიემგზავრება.  მისიას ევროკავშირი გაერო-ს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს და სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მდგომარეობის  სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში, ბანგიში შეასრულებენ. 

Add to Twitter Add to Facebook