მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი „ქართული დიალექტური კორპუსის“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი „ქართული დიალექტური კორპუსის“ პრეზენტაციას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ  ბიბლიოთეკას ეწვია, სადაც თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტის „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის“ ფარგლებში მომზადებული „ქართული დიალექტური კორპუსის“ პრეზენტაციას დაესწრო.

ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ერის სულიერებისა და ინტელექტუალური პოტენციალის დაცვისა და განვითარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი სამუშაო შესრულდა. მისი თქმით, ამ პროექტს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და საუკეთესო  საშუალებაა ერის იდენტობისა და ინდივიდუალიზმის შესანარჩუნებლად და წარმოსაჩენად.

„ქართული დიალექტური კორპუსი“ არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით აგებული საინფორმაციო-საცნობარო სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქართული ენის ნებისმიერი ქვესისტემის ან სხვა ქართველური ენების მონაცემების შენახვა, აღწერა და კვლევა. პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის კორპუსის, როგორც ქართული ენობრივი მასალის მომცველი მასშტაბური ენათმეცნიერული და კულტურული პროდუქტის პოპულარიზაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვები.    

Add to Twitter Add to Facebook