მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი  თემატურ პანელზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი  თემატურ პანელზე სიტყვით გამოვიდა

 

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიული თემატური მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ამ ქვეყნების ეკონომიკურ-სტრუქტურული ტრანფორმაციის მიღწევების თემატური განხილვა. ქვეყნის პირველი პირი გაეროს გენერალურ მდივანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან ერთად, თემატური პანელის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

„საქართველო არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, თუმცა თავისი პოლიტიკით მჭიდროდაა დაკავშირებული ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების საკითხთან. ჩვენ აქ ვიმყოფებით, როგორც ჩვენი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ფუნქციის მქონე სახელმწიფო ასეთი ქვეყნებისთვის. ევრაზიის კონტინენტის 14 განვითარებადი ქვეყნიდან 8 - ავღანეთი, სომხეთი აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი სწორედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით სარგებლობს და ჩვენი ქვეყნის მეშვეობით გადის ზღვაზე. ამ რვა ქვეყნიდან შვიდთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენი სტრატეგიული მიმართულება იყო დაგვეკავშირებინა ცენტრალური აზიის რესურსი ევროპულ ბაზართან და პირიქით. ჩვენი ქვეყანა გახსნილია ტრანზიტისთვის, როგორც ენერგორესურსების, ისე ვაჭრობისა თუ სხვა მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა, რომელსაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებს. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეეხო საქართველოს როლს, კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

გამოსვლისას, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მნიშვნელობასა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელსაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს რუსული ოკუპაცია უქმნის. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რეგიონის განვითარებისა და დასახული მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მშვიდობა და სტაბილურობა. შავი ზღვის აუზის შესახებ საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა როგორც ყირიმის ანექსიაზე, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასა და მისი ანექსიის მცდელობაზე, საერთაშორისო თანამეგობრობას კი, ქვეყნის პირველმა პირმა აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა მოგიწოდოთ ყველას, აქტიურად ჩაერთოთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში რეგიონში, რომლის ერთ-ერთ ქვეყნას მე წარმოვადგენ“, - საქართველოს პრეზიდენტმა ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა

Add to Twitter Add to Facebook