მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელი კონგრესმენები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელი კონგრესმენები მიიღო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა. კონგრესმენებმა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცეს და შემდგომ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც  კონგრესმენებმა განაცხადეს, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს უელსის სამიტის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ ამერიკასა და  სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა დადებითად აისახება სექტემბერში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე. დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოში დემოკრატიულად გამართული არჩევნები და ქვეყნის განვითარების მიზნით განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს. გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას, მათ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.   

საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც. ამ მხრივ, მათ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში განვითარებული მოვლენებს დაუთმეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, ხოლო აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც სენატორი ბენ კარდინი ხელმძღვანელობს,  სენატორი ტომ ჰარკინი და კონგრესმენები რობერტ ადერჰოლტი, ადამ შიფი, ფილ გინგრი და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი იყვნენ.

Add to Twitter Add to Facebook